ENGLISH
 

მომხმარებელთა უფლებები


რა მიზნით შეიქმნა მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება?

მომხარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების მთავარი მოვალეობაა უზრუნველყოს „კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის“ შესრულება. გარდა ამისა, მისი ფუნქციაა მომხმარებლებისაგან პრეტენზიების მიღება, განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

რას არეგულირებს „კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი“?
აღნიშნული წესის მიხედვით ბანკი ვალდებულია სამომხმარებლო კრედიტის გაცემისა და სადეპოზიტო მომსახურების  გაწევის დროს მომხმარებელს ამომწურავად მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია სასესხო/სადეპოზიტო პროდუქტის შესახებ - ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, დაკავშირებული ხარჯები, პირგასამტეხლოები, სავალუტო რისკი და ა.შ. ასევე, ბანკი ვალდებულია კლიენტებისაგან მიიღოს ნებისმიერი სახის პრეტენზია და მოახდინოს მასზე რეაგირება.

ბანკის მხრიდან ზემოაღნიშნული წესის დარღვევა იწვევს თუ არა ხელშეკრულების ბათილობას?
აღნიშნული წესის დარღვევა არ იწვევს ბანკსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილობას.

რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ითვალისწინებს პროდუქტთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და ამ ხარჯების გაწევის პერიოდს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ხელშეკრულების თავსართი და რა ინფორმაციას შეიცავს ის?
თავსართში მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებს და მოიცავს: ნომინალურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებს, პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს და სხვა მნიშვნელოვან სახელშეკრულებო ინფორმაციას. თავსართში ასევე მითითებულია, უკმაყოფილების შემთხვევაში, სად შეგიძლიათ წარადგინოთ თქვენი პრეტენზია. თავსართი დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში სასესხო/სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებით, რადგან მასში კომპაქტურად არის გადმოცემული ხელშეკრულების ძირითადი პირობები.

რას გულისხმობს რეფინანსირების განაკვეთის 2%-მდე შეზღუდვა?
საქართველოს ეროვნული ბანკის 2011 წლის 3 მაისის წერილობითი მითითების თანახმად, „საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს ეკრძალება საბანკო მომსახურების მომხმარებელს დააკისროს მის მიერ გაცემულ კრედიტებზე/სესხებზე რეფინანსირების შედეგად წინსწრებით დაფარვის საკომისიო, რომელიც აღემატება კრედიტის/სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 2%-ს“. რეფინანსირება გულისხმობს კრედიტის წინსწრებით დაფარვას როგორც საკუთარი, ასევე სხვა ბანკიდან მიღებული სახსრებით. აღნიშნული მითითება ეხება მხოლოდ კომერციულ ბანკებს და ვრცელდება ნებისმიერ პერიოდში გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებებზე.

ვრცლად

<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service