ENGLISH
 

ანგარიშსწორება

რა არის IBAN?
IBAN (International Bank Account Number) არის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად წარმოდგენილი საბანკო ანგარიში. მისი გამოყენება ამცირებს ანგარიშის ნომრის არასწორად მითითების შესაძლებლობას, ვინაიდან იგი შეიცავს საკონტროლო რიცხვს, რომელიც დამოკიდებულია ანგარიშის სხვა სიმბოლოებზე. გარდა ამისა, IBAN სისტემა არის უფრო სწრაფი, ავტომატიზირებული და ამცირებს უარყოფისა და დაგვიანების ალბათობას. IBAN სტანდარტის გამოყენებისას, გადარიცხვის განსახორციელებლად საკმარისია მხოლოდ IBAN ანგარიშის ნომრის მითითება, რომლის საშუალებითაც მოხდება ბანკისა და კლიენტის იდენტიფიცირება.

ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების შეთანხმების საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული სტანდარტის საქართველოში შემოღების შესახებ. გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მხარეების საბანკო ანგარიშების გახსნას ახალ IBAN ფორმატში 2010 წლის 3 მაისიდან. საქართველოში IBAN ანგარიშები წარმოდგენილი იქნება 22 სიმბოლოთი. დამატებითი ინფორმაცია IBAN-ის შესახებ იხილეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.

რატომ არ არის ჩართული საქართველო PayPal - ში?
Paypal წარმოადგენს ელექტრონულ ბიზნესში მონაწილე კერძო კომპანიას, რომელიც საშუალებას იძლევა ფულადი გადარიცხვები და ანგარიშსწორებები განხორციელდეს  ინტერნეტის საშუალებით ონლაინ რეჟიმში. Paypal არ ოპერირებს ყველა ქვეყანაში. ახალ ქვეყანაში შესვლის გადაწყვეტილებას იღებს კომპანიის ხელმძღვანელობა  კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე.  Paypal-ში ჩართული ქვეყნების რიცხვი იზრდება პერიოდულად, გაფართოება ხშირ შემთხვევაში ხდება არა ცალკეული ქვეყნისთვის, არამედ ქვეყანათა ჯგუფისთვის. ამჟამად საქართველო არ არის აღნიშნული სერვისის მომხმარებელთა სიაში, მაგრამ მოსალოდნელია რომ კომპანიის დაფარვის სივრცის მომავალი გაფართოებისას საქართველო მოხვდეს Paypal-ში მონაწილე ქვეყანათა ჯგუფში.

რა არის RTGS?
RTGS (Real Time Gross Settlement System) ანუ რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემა - ეს არის საანგარიშსწორებო სისტემა, რომლის საშუალებითაც ანგარიშსწორება და ფასიანი ქაღალდების გადაცემა ერთი ბანკიდან მეორეზე ხორციელდება რეალურ დროში „გროს“ პრინციპით. „გროს“ პრინციპი ნიშნავს, რომ ფულადი სახსრების გადარიცხვა ხდება თითოეული ტრანზაქციისთვის ინდივიდუალურად, ცალკეული საგადამხდელო საბუთის საფუძველზე და ადგილი არ აქვს ნეტირებას (ურთიერთგაქვითვა).

ლარის გადარიცხვა ბანკიდან ბანკში უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია მყისიერად განხორციელდეს, ან ყველაზე გვიან მეორე სამუშაო დღეს.

სად შეიძლება უცხოური ვალუტების კონვერტაცია?
უცხოური ვალუტის კონვერტაცია ხორციელდება როგორც ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საშუალებით, ასევე ბანკებსა და მიკროსაფინანსო დაწესებულებებში. გასათვალისწინებელია, რომ უცხოური ვალუტის კონვერტაციას აწარმოებს ყველა მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, მაშინ როდესაც ზოგიერთი ფინანსური დაწესებულება შეიძლება არ სთავაზობდეს მომხმარებლებს აღნიშნულ მომსახურებას. დაწესებულების მიერ კონკრეტული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსის დადგენა ხდება მასზე მოთხოვნა-მიწოდების და ქვეყნის სავალუტო ბაზარზე ჩამოყალიბებული კურსის გათვალისწინებით. როგორც წესი შიდა ბაზარზე, ლარის კურსი ყალიბდება აშშ დოლარის მიმართ, ხოლო სხვა ვალუტებისათვის გამოიყენება მსოფლიო ბაზარზე არსებული კროს-კურსები. ეროვნული ბანკი არ აკონტროლებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ დადგენილ სავალუტო კურსებს.


 

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service