ENGLISH
 

ფინანსური ზედამხედველობა

ანიჭებს თუ არა ცენტრალური ბანკი კომერციულ ბანკებს რეიტინგს?
ცენტრალური ბანკი არ ანიჭებს რეიტინგებს კომერციულ ბანკებს, როგორც ეს ხდება სარეიტინგო კომპანიების მიერ.

როგორია კომერციული ბანკებისთვის დაწესებული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი?
ბანკის კაპიტალი ბანკისათვის არის საბანკო საქმიანობის განხორციელებისა და მისი სტაბილური ზრდის, საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველყოფის საშუალება, ბანკის ფინანსური დანაკარგებისა და ზარალის დაფარვის ძირითადი წყარო. ბანკის კაპიტალი საშუალებას აძლევს დაწესებულებას გააფართოვოს საბანკო ოპერაციები და ამასთანავე, გაუმკლავდეს მოსალოდნელ და მოულოდნელ ფინანსურ დანაკარგებს. საბანკო სისტემის სტაბილური ფუნქციონირებისა და სისტემური რისკების მინიმიზაციის მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისა და უცხოური კომერციული ბანკების ფილიალებისთვის დაწესებულია მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა, რომელიც შეადგენს 12 მილიონ ლარს. აღნიშნული ნორმის დადგენა ხდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ფუნქციონირების დაწყებამდე ბანკს უნდა ჰქონდეს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი. ბანკის საზედამხედველო კაპიტალის მაჩვენებელი გამოიყენება ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის განსაზღვრისას, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად შეუძლია ბანკს გაუმკლავდეს საკრედიტო, საოპერაციო რისკებს და რამდენადაა შემცირებული მეანაბრეთა დანაკარგების რისკები. აღსანიშნავია, რომ ბანკის გაფართოებასთან  ერთად, როდესაც ხდება მისი მთლიანი აქტივების ზრდა, გაიზრდება კაპიტალის მინიმალური მოთხოვნებიც. კომერციულმა ბანკებმა მუდმივად უნდა შეინარჩუნოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კაპიტალის ადეკვატურობა, რომლებიც განისაზღვრება პირველადი კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტებით და შეადგენდეს 8%-ს და 12%-ს, შესაბამისად.

რატომ გახდა აუცილებელი ზედამხედველობის კვლავ ეროვნულ ბანკში დაბრუნების საკითხი?
2008 წელს საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია გამოეყო ეროვნულ ბანკს და საბანკო ზედამხედველობის სააგენტო დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. 2009 წელს კი აღნიშნული ორგანო კვლავ ეროვნულ ბანკს შეუერთდა და დაუბრუნა მას საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია.

გარდა პრაქტიკული მაგალითებისა, რომელიც ადასტურებს ცენტრალური ბანკისა და საზედამხედველო უწყების ერთიანობის სარგებლიანობას, ასევე არსებობს ამ მოდელის უპირატესობებისა და ნაკლოვანებების ეკონომიკური დასაბუთებებიც.

მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე აკადემიურ წრეებში გავრცელებული იყო ხედვა, რომ მონეტარულ პოლიტიკასა და პრუდენციულ პოლიტიკას შორის არსებობს კონფლიქტი (ინფლაცია/ფინანსური სტაბილურობა), რაც ამართლებს მონეტარული და პრუდენციული ფუნქციების გაყოფას. ამ მიდგომიდან გამომდინარე, ზოგიერთ ქვეყანაში მოცემული ფუნქციების განცალკევების მნიშვნელოვანი ტენდენცია შეინიშნებოდა. კრიზისის შემდეგ ნათლად წარმოჩნდა ამ მიდგომის სისუსტეები, რისი შედეგიც მაკროპრუდენციული თემების უგულებელყოფა გახდა. თუ მონეტარული მიზნები და პრუდენციული მიზნები სწორად არის განსაზღვრული, ასეთი კონფლიქტი არ უნდა წარმოიქმნას.

მაკროპრუდენციული მიდგომის ეფექტიანი განხორციელება ზედამხედველობის და ცენტრალური ბანკის კოორდინირებულ ქმედებაზეა დამოკიდებული.


სავალუტო პუნქტის გახსნისთვის რა პროცედურებია გასავლელი?

საქართველოს ეროვნული ბანკი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად. დაინტერესებულმა მეწარმე სუბიექტმა, რეგისტრაციისათვის წარდგენილ განაცხადს უნდა დაურთონ შემდეგი დოკუმენტები:

1. შევსებული სარეგისტრაციო ფორმა („წესის“ N1 დანართი);
2. შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი საგანგაშო ღილაკის მომსახურებაზე;
3. შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული „ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი“;
4. დაინტერესებული მეწარმე სუბიექტის (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირის) ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

ინფორმაცია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციისა და რეგულირების შესახებ და სარეგისტრაციო ფორმა განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე (იხ. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი).

ვინ არეგულირებს ლომბარდებისათვის ლიცენზიის გაცემას?

საქართველოში ლომბარდის გასახსნელად არ არის საჭირო ლიცენზიის აღება. ლომბარდების გახსნის რეგულირება და შემოწმება არ ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.

 

<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service