ENGLISH
 

სავალუტო პოლიტიკა და რეზერვების მართვა

რას ნიშნავს მცურავი გაცვლითი კურსი?
ამ რეჟიმის ქვეშ მოქმედი გაცვლითი კურსი მთლიანად განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან, საინვესტიციო ფონდებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის. ეროვნული ბანკი არანაირ გავლენას არ ახდენს გაცვლითი კურსის განსაზღვრის პროცესზე. ცხადია, რომ მსგავსი რეჟიმის არსებობის პირობებში გაცვლითი კურსი ხასიათდება საგრძნობი მერყეობით, მაგრამ იმავდროულად, მოქნილობის გამო იგი თამაშობს შოკების შემწოვ ფუნქციასაც.

როგორ დგინდება ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი?
ბუღალტრული და სხვა ოფიციალური მიზნებისათვის ხშირად გამოიყენება ლარის ოფიციალური კურსი, რომელიც გაიანგარიშება ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით.

ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობა მიმდინარეობს საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში („ბლუმბერგი“). დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოითვლება ლარის საშუალო შეწონილი კურსი აშშ დოლარის მიმართ, რომელიც ცხადდება ოფიციალურ გაცვლით კურსად შემდგომი დღისთვის. სხვა ქვეყნის ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი განისაზღვრება საერთაშორისო ბაზრებზე ან ემიტენტი ქვეყნის შიდა სავალუტო ბაზარზე (დღის სამი საათისათვის) არსებული კურსების კროს-კურსული გადაანგარიშების საფუძველზე. გადაანგარიშებისთვის საჭირო გაცვლითი კურსების შესახებ ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს „როიტერის“, „ბლუმბერგის“ საინფორმაციო სისტემები და შესაბამისი ქვეყნების ცენტრალური ბანკები. ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გავრცელება ამ სისტემებიდან ხდება ავტომატურ რეჟიმში.

ინფორმაცია ოფიციალური გაცვლითი კურსების შესახებ ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, არა უგვიანეს გაანგარიშების დღის 17:00 საათისა (როგორც წესი გამოქვეყნება ხდება 16:30-16:45 პერიოდში). ლარის ოფიციალური კურსის დადგენის წესი იხილეთ შესაბამის სამართლებრივ აქტში.

რას წარმოადგენს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები და როგორ ხდება მათი მართვა?
ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქცია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მართვაა, რომელიც მისი ბალანსის ყველაზე მსხვილ აქტივს წარმოადგენს. საერთაშორისო სარეზერვო აქტივების დასაშვები შემადგენლობა განისაზღვრება ორგანული კანონით (იხ. საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ).

საერთაშორისო სარეზერვო აქტივების გაანგარიშდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით და ქვეყნდება თვის დამთავრებიდან მე-7 დღეს, ეროვნული ბანკის საიტზე (იხ. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები).

საერთაშორისო რეზერვების მართვის ძირითად პრინციპებსა და სტრატეგიებს ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. ძირითადი პრინციპებია პირველ რიგში უსაფრთხოება, შემდეგ ლიკვიდურობა და ბოლოს შემოსავლიანობა. შესაბამისად საერთაშორისო რეზერვები განთავსებულია მხოლოდ მაღალი რეიტინგის მქონე სახელმწიფო და მულტინაციონალურ ფასიან ქაღალდებსა და ბანკების დეპოზიტებზე.

რატომ არ ხარჯავს ეროვნული ბანკი რეზერვებს კურსის ფიქსირებისთვის?
საქართველოში მოქმედებს მართვადი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას უფრო მეტად ვიდრე ეს ფიქსირებული კურსის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის ამოცანას არ წარმოადგენს ლარის კურსის ფიქსაცია, შესაბამისად არ ხდება ბანკის ჩარევა სავალუტო ბაზრის პროცესში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს კურსის მკვეთრ ცვლილებას.  

რას ნიშნავს ფიქსირებული კურსის რეჟიმი და რატომ არ არის ასეთი პოლიტიკა დადებითი შედეგის მომტანი საქართველოსთვის ?

საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარი, რომელიც მიმოქცევაში 1995 წლიდან გავიდა, აშშ დოლარზე 1997 წლამდე იყო მიბმული – ამის მიზეზი გახლდათ ქვეყანაში მოქმედი ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმი. გაცვლითი კურსის მსგავსი პოლიტიკის პირობებში ქვეყნის ვალუტა მიბმულია რომელიმე სხვა ქვეყნის ვალუტასთან ან ვალუტების კალათასთან. იმ პერიოდისთვის ფიქსირებული კურსის რეჟიმი სასურველ ალტერნატივას წარმოადგენდა, ვინაიდან ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის პირობებში, რაც ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებით იყო გამოწვეული, ისედაც შესუსტებული იყო ეროვნული ვალუტისადმი დნობა და გაცვლითი კურსის მიბმა უზრუნველყოფდა კურსის სტაბილურობის შენარჩუნებას (აშშ დოლარის გაცვლითი კურსის შესაბამისად) და ნდობის აღდგენას.

1997 წლიდან საქართველოში ამოქმედდა მართვადი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომლის პირობებში გაცვლითი კურსის განსაზღვრა ხდება საბაზრო ძალების მიხედვით - მოთხოვნა-მიწოდების ურთიერთქმედებით. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო როგორც თეორიული მოსაზრებები, ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომელმაც აჩვენა რომ ჩვენი ქვეყნის მსგავსი წყობისთვის მცურავ გაცვლითი კურსის რეჟიმს უფრო მეტი უპირატესობანი გააჩნია ვიდრე ფიქსირებულ რეჟიმს.

ქვეყნისთვის ფიქსირებული კურსის რეჟიმი ან საერთო ვალუტის შემოღება ოპტიმალური გამოსავალია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იძლევა მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტურობის მიღწევის საშუალებას. იმისათვის რომ ეს პირობა რეალურად განხორციელდეს, საჭიროა, რომ მონაწილე ქვეყნებს შორის არსებობდეს კაპიტალისა და შრომის რესურსების მობილურობა, რისკის გაზიარების პრინციპი და ერთნაირი ბიზნეს ციკლები. საქართველოსა და აშშ-ს შემთხვევაში კი ეს წინაპირობები არ არის და შესაბამისად არის საფუძველი იმისა, რომ ფიქსირებული კურსის რეჟიმი გახდეს ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი ერთ-ერთი მიზეზი.

აშშ საქართველოს ერთ-ერთი მსხვილ სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ჩვენი ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის ურთიერთობები ვრცელდება ბევრს სხვა ქვეყანაზე, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა ვალუტები და გაცვლითი კურსის რეჟიმები. შესაბამისად, ლარის კურსის დოლარზე მიბმა გამოიწვევს მის ფიქსირებას ერთი ვალუტის მიმართ და დარჩება ცვალებადი სხვა ვალუტების მიმართ. აქედან გამომდინარე ლარის კურსის დაფიქსირება პრაქტიკულად შეუძლებელია. 1990-იანი წლების ბოლოს აზიის კრიზისმა აჩვენა, რომ დოლარის კურსის გამყარებამ გამოიწვია მასზე მიბმული ვალუტების გამყარებაც სხვა ვალუტების მიმართ, რომლებიც არ იყვნენ დამოკიდებული დოლარზე. წამყვანი ვალუტის გამყარების შედეგად შემცირდა მასზე მიბმული ქვეყნების კონკურენტუნარიანობა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და გამოიწვია ექსპორტის ვარდნა და იმპორტის მატება, რაც იწვევს სავაჭრო ბალანსის გაუარესებას. მსგავსმა პრობლემამ იჩინა თავი როგორც ბალტიისპირეთის, ასევე ლათინოამერიკის ზოგიერთ ქვეყნებშიც. ფიქსირებული გაცვლითი კურსის არსებობის პირობებში, მსგავსი რისკის წინაშე დადგება საქართველოც, როცა რეალური გაცვლითი კურსის გამყარება არ იქნება მხარდაჭერილი ქვეყანაში მიმდინარე ფაქტორებით.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფიქსირებული გაცვლითი კურსის პირობებში ფერხდება ეფექტური და დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა. მაგალითად, რეცესიული ეკონომიკის პირობებში, როდესაც საჭიროა ეკონომიკის წახალისება და ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის გატარება, როგორც ეს საქართველოში მოხდა 2008-2009 წლებში, დოლარზე მიბმული კურსის არსებობა შეზღუდავდა ეროვნული ბანკისა თუ მთავრობის ღონისძიებების არეალს და შეამცირებდა მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელობას, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია ერთდროულად ორ აგრეგატზე - ფულის მიწოდებასა და გაცვლით კურსზე ზემოქმედება. გარდა ამისა, როცა საქართველო და აშშ იმყოფება ბიზნეს ციკლის სხვადასხვა ეტაპზე, მათი ეკონომიკებისთვის მიზანშეწონილია სხვადასხვა სახის მონეტარული პოლიტიკის გატარება. მაგალითად, თუ ამერიკაში არის რეცესია და ტარდება ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა, იგი ავნებს საქართველოს ეკონომიკას, როცა ის გაფართოების სტადიაზეა.

გარდა ზემოთ აღნიშნული ნაკლოვანებებისა, ფიქსირებული კურსის რეჟიმი ხელს უწყობს გარე (ეგზოგენური) ინფლაციის იმპორტირებას ქვეყანაში და კიდევ უფრო ამწვავებს ეგზოგენური ფაქტორებით გამოწვეულ კრიზისებს, მაშინ როდესაც მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი გარე შოკების შემწოვი ერთ-ერთი საშუალებაა და ავტომატური მასტაბილიზირებელის როლს თამაშობს. მაგალითად, 2010 წელს დაფიქსირებული ფასების მატება, რაც ძირითადად გარე მიწოდების ფაქტორებით იყო გამოწვეული, კიდევ უფრო გამწვავდებოდა ფიქსირებული კურსის პირობებში. ეგზოგენური ფასების მატება იწვევს ქვეყნის იმპორტის შემცირებას, რაც ეროვნულ ვალუტას ამყარებს და ნაწილობრივ ანეიტრალებს იმპორტირებულ ინფლაციას.

ზემოთ განხილული ფაქტორებიდან გამომდინარე, ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმი შეიძლება გახდეს ეკონომიკის ზრდის შემაფერხებელი ერთ-ერთი ფაქტორი და, შესაბამისად, არასასურველია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის.

რომელი წლიდან არის სსფ მისია საქართველოში და სულ რა ოდენობის სესხია გამოყოფილი დღემდე საქართველოსთვის?
საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობას გლობალური მონეტარული თანამშრომლობის, საერთაშორისო ვაჭრობის, მაღალი დასაქმებისა და სიღარიბის შემცირების გზებით. ამჟამად, საერთაშორისო სავალუტო ფონდში 187 ქვეყანაა გაწევრიანებული. საქართველოში სსფ-ის მისია 1992 წლის 5 მაისიდან მოქმედებს. დაარსებიდან 2011 წლის 30 ივნისამდე სსფ-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი სესხების ჯამური ოდენობა შეადგენს 974,350,000 სდრ-ს, რომლის ამჟამინდელი ბალანსი შეადგენს 672,950,000 სდრ-ს. სდრ წარმოადგენს საერთაშორისო სარეზერვო აქტივს, რომელიც შექმნილია სსფ-ს მიერ და გამოიყენება როგორც საანგარიშო ერთეული (unit of account). სდრ-ს ღირებულება განისაზღვრება მსოფლიოს წამყვანი ვალუტების კალათის მიხედვით. (საქართველოს ფინანსური პოზიცია ფონდში და სხვა ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სსფ-ს ვებ-გვერდზე).

<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service