ENGLISH
 

სტატისტიკა

რომელ სტატისტიკაზე არის პასუხისმგებელი ეროვნული ბანკი?
საქართველოს ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების წარმოებასა და გავრცელებაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალური საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის
ვებ-გვერდზე დადგენილი ვადების მიხედვით (იხ. სტატისტიკური მონაცემების გავრცელების კალენდარი).

ეროვნული ბანკის მიერ დამუშავებული ინფორმაცია მოიცავს მონეტარულ და საგარეო სტატისტიკას. მონეტარული სტატისტიკა ასახავს საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო სექტორის და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიმოხილვას. ის გვიჩვენებს მონეტარული აგრეგატებისა და მათი კომპონენტების, საბანკო სექტორის კრებსითი (ერთობლივი) აქტივებისა და პასივების და ფინანსური სტაბილურობის ამსახველი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ჭრილში. ხოლო საგარეო სტატისტიკა ასახავს საგადასახდელო ბალანსის, საგარეო ვალის, საერთაშორისო საინვესტიციო მდგომარეობისა და ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მაჩვენებლებს. ეს ინფორმაცია ასახავს საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის განხორციელებულ მონეტარულ ტრანზაქციებს: ექსპორტ-იმპორტის ფულადი გადახდები, ფინანსური კაპიტალის მოძრაობა და ტრანსფერები; აგრეთვე გვიჩვენებს ქვეყნის საგარეო აქტივების და პასივების მდგომარეობას როგორც ეროვნული ბანკისთვის, ასევე მთავრობისა და სხვა სექტორებისთვის.

რა არის მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტი (SDDS)?
1994-1995 წლების კრიზისისა და მისი განმაპირობებელი ფაქტორების გაანალიზების შედეგად საერთაშორისო ეკონომიკური წრეებისათვის ნათელი გახდა, რომ ეროვნული სტატისტიკური სისტემების ფუნქციონირებისას აუცილებელია თანამედროვე გლობალიზაციის ფაქტორის გათვალისწინება. ქვეყნებს უნდა მიეცეთ საშუალება მეტი წვდომა ჰქონდეთ სხვა ქვეყნების სტატისტიკურ მონაცემებზე, რათა დროულად შეაფასონ მოსალოდნელი ცვლილებები მსოფლიო ეკონომიკაში და განსაზღვრონ თავიანთი მთავრობების მოქმედების სქემები ექსტრემალურ გარემოებებში. სწორედ სტატისტიკურ ინფორმაციაზე ნაკლებმა ხელმისაწვდომობამ და, შესაბამისად, მოსალოდნელი საფრთხის განჭვრეტის ინსტრუმენტების უქონლობამ განაპირობა XX საუკუნის 90-იანი წლების კრიზისების ესკალაცია. აღნიშნული პრობლემის გაცნობიერების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა საბჭოს დროებითმა კომიტეტმა 1995 წლის აპრილში დაავალა ფონდის აღმასრულებელ საბჭოს შეემუშავებინა სტატისტიკური მაჩვენებლების გავრცელების საერთაშორისო სტანდარტი, წევრი სახელმწიფოების მიერ გამოსაყენებლად. 1995 წლის ოქტომბერში დროებითმა კომიტეტმა მოიწონა ასეთი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გულისხმობს ორ დონეს: სპეციალურს – მონაცემთა გავრცელების სპეციალურ სტანდარტს (SDDS), იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ისწრაფვიან კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებში მონაწილეობისაკენ და ზოგადს – მონაცემთა გავრცელების ზოგად სისტემას (GDDS) დანარჩენი წევრი ქვეყნებისათვის.

მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტი სსფ-ს აღმასრულებელმა საბჭომ  1996 წლის 29 მარტს დაამტკიცა, ხოლო 1997 წლის 19 დეკემბერს ასევე დამტკიცდა მონაცემთა გავრცელების ზოგადი სისტემა, როგორც სახელმძღვანელო ფონდის წევრი ქვეყნებისათვის მონაცემთა გავრცელების სფეროში.

2006 წლის 15 დეკემბრიდან 2010 წლის 17 მაისამდე საქართველო მონაწილეობდა მონაცემთა გავრცელების ზოგად სისტემაში. 2010 წლის 17 მაისს საქართველო გახდა მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტის 68–ე წევრი.

რას ნიშნავს იყო მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტის წევრი?
მონაცემთა გავრცელების სპეციალურ სტანდარტში, ისევე როგორც მონაცემთა გავრცელების ზოგად სისტემაში, მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თუმცა ქვეყნის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს განსაზღვრული ვალდებულებების აღებას მონაცემთა გავრცელების საერთაშორისო სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით. ეს ვალდებულებები გულისხმობს: 

• მეტამონაცემების გამოქვეყნებას; 
• ქვეყნის ეკონომიკის ოთხი სექტორისა (რეალური, ფისკალური, საფინანსო და საგარეო) და სოციალურ–დემოგრაფიული მონაცემების გამოქვეყნებას; 
• მონაცემთა გავრცელების წინასწარი კალენდრის გამოქვეყნებას;
• მონაცემთა წარმოებისა და გამოქვეყნების პერიოდულობისა და დროულობის მკაცრ დაცვას.

მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტის მონაწილის სტატუსი უადვილებს ქვეყნებს წვდომას კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე და, შესაბამისად, სესხებზე – უკეთესი პირობებით, ვიდრე ეს ამ სტატუსის არმქონე ქვეყნებს აქვთ. კერძოდ, სპეციალური გამოკვლევებით დადგენილია, რომ მონაცემთა გავრცელების სპეციალურ სტანდარტში მონაწილეობა საშუალოდ 20 პროცენტით ანუ 50 საბაზისო პუნქტით ამცირებს ქვეყნის საპროცენტო ხარჯებს, როცა იგივე მაჩვენებელი მონაცემთა გავრცელების ზოგად სისტემაში ჩართული ქვეყნებისათვის საშუალოდ 8 პროცენტს ანუ 20 საბაზისო პუნქტს შეადგენს.

კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე შეღავათიანი პირობებით წვდომის ფუნდამენტური საკითხებია ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და სახელმწიფო ვალი.

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაღალი ტემპი ამცირებს კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებიდან კრედიტის მიღების ხარჯებს. კერძოდ, მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტის მონაწილე ქვეყნის საპროცენტო ხარჯები მცირდება:

• რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ½ პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში – საშუალოდ 40–დან 65 საბაზისო პუნქტამდე;
• მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის თანაფარდობის ½ პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებისას – საშუალოდ 55–დან 110 საბაზისო პუნქტამდე;
• ექსპორტის მიმართ საგარეო ვალის თანაფარდობის 50–დან 40 პროცენტამდე შემცირებისას – საშუალოდ 25–დან 35 საბაზისო პუნქტამდე.

ამდენად, მონაცემთა გავრცელების სპეციალურ სტანდარტში მონაწილეობა და შესაბამისად ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების გამჭვირვალობის, საიმედოობისა და დროულობის მიღწევა უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების ინფორმაციულ მხარდაჭერას, ხოლო მეორე მხრივ, ხელმისაწვდომს ხდის ამ ბაზრებს ქვეყნებისათვის, რომლებიც მათში ინტეგრაციისაკენ მიისწრაფვიან. მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტის მონაწილის სტატუსი ქვეყანას მიმზიდველს ხდის უცხოელი ინვესტორებისათვის, რამდენადაც მონაცემთა გამჭვირვალობა და მათი ხელმისაწვდომობა ამცირებს რისკების ხარისხს, რაც ასახვას პოვებს ფასწარმოქმნის ადეკვატურობაზე, აქტივების დარგობრივ განაწილებასა და სხვა პარამეტრებზე.

რას შეისწავლის მონეტარული სტატისტიკა?
მონეტარული სტატისტიკა წარმოადგენს მაკროეკონომიკური სტატისტიკური სისტემის ნაწილს, რომელიც შეისწავლის ამა თუ იმ ქვეყნის ფინანსური სექტორის ფინანსური და არაფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაშთებსა და ნაკადებს.

მონეტარული სტატისტიკა განიხილავს მიმოხილვების სამ დონეს. პირველი დონე გულისხმობს ფინანსური სექტორის ქვესექტორების მიმოხილვების წარმოებას. ესენია: ცენტრალური ბანკის მიმოხილვა (CBS), სხვა დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა (ODCS) და სხვა ფინანსური კორპორაციების მიმოხილვა (OFCS). მიმოხილვების მეორე დონე გულისხმობს დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვის (DCS) წარმოებას, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური ბანკისა (CBS) და სხვა დეპოზიტური კორპორაციების (ODCS) მიმოხილვების გაერთიანებას. მიმოხილვების მესამე დონეზე ხდება დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვისა (DCS) და სხვა ფინანსური კორპორაციების მიმოხილვის (OFCS) აგრეგაცია და ფინანსური კორპორაციების მიმოხილვის გაანგარიშება.

მონეტარული სტატისტიკა მონეტარული პოლიტიკის შემუშავების ინფორმაციული უზრუნველყოფის ინსტრუმენტია.

<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service