ENGLISH
 

მონეტარული პოლიტიკა


რა არის ეროვნული ბანკის მიზანი?
ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანია ქვეყანაში ფასების სტაბილურობა. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას, ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი მიზნის შესრულებას.

რას გულისხმობს ფასების სტაბილურობა და როგორ აღწევს ეროვნული ბანკი ამ მიზანს?
ფასების სტაბილურობა გულისხმობს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაბალი და სტაბილური ინფლაციის მაჩვენებლის შენარჩუნებას. მაღალ ინფლაციას დიდი მერყეობა ახასიათებს, ამიტომ სტაბილური ინფლაციის მისაღწევად მნიშვნელოვანია ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნება. ფასების სტაბილურობა აუცილებელი პირობაა რესურსების ეფექტიანად განაწილებისათვის. არაპროგნოზირებადი ფასები ამცირებს გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას. მაღალი ინფლაციის დროს რესურსები პროდუქტიული გამოყენების ნაცვლად ინფლაციისგან დასაზღვევი მარაგების შესაქმნელად მიემართება. ფასების სტაბილურობა ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისითაც. ზოგადად, დაბალი და სტაბილური ინფლაცია ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.

განვითარების არსებულ ეტაპზე, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში, 2014 წლისათვის, 6 პროცენტს შეადგენს, 2015 წლისათვის კი - 5 პროცენტს. დროთა განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ეროვნული ბანკი ეტაპობრივად შეამცირებს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს 3 პროცენტამდე.

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მისაღწევად ეროვნული ბანკი შესაბამის მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებს. 2009 წლიდან ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი არის ინფლაციის თარგეთირება, რომლის  დროსაც ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთების მართვით ზემოქმედებს ინფლაციაზე. კერძოდ, მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის ცვლილება გადაეცემა უფრო გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს და შემდეგ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს. სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ცვლილება ზემოქმედებს ქვეყანაში ერთობლივ მოთხოვნაზე, რაც საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს ფასების დონეზე.

იმ შემთხვევაში თუ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი მეტია მიზნობრივ დონეზე, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის აწევით, რაც გარკვეული პერიოდის მერე გადაეცემა სესხებზე საპროცენტო განაკვეთს და ზღუდავს  ერთობლივ მოთხოვნას, რათა ფასების ზრდის ტემპი დაუბრუნდეს სასურველ დონეს. საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი მიზნობრივ დონეზე დაბალია, ეროვნული ბანკი შეამცირებს მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთს, რაც გარკვეული პერიოდის მერე გადაეცემა სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს. შედეგად ერთობლივი მოთხოვნა გაიზრდება და ხელს შეუწყობს ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონემდე დაბრუნებას. 

რას გულისხმობს ფინანსური სტაბილურობა?
ფინანსური სტაბილურობა საფინანსო სექტორის ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც სექტორი, შოკების მიუხედავად, ეფექტურად ასრულებს შუამავლის როლს ეკონომიკაში. ფინანსური სექტორის სტაბილურობა შეიძლება ასევე განვსაზღვროთ, როგორც სისტემურად მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტებისა და საფინანსო ბაზრების სტაბილურობა. ფინანსური სტაბილურობა არ გამორიცხავს სირთულეებს საფინანსო ბაზრების ცალკეული მონაწილეებისთვის. პრობლემები ინდივიდუალურ საფინანსო ინსტიტუტებში საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პრობლემები უარყოფითად აისახება მთლიანად სისტემის შესაძლებლობაზე შეასრულოს თავისი ფუნდამენტური როლი.

რას გულისხმობს ინფლაციის თარგეთირება?
ინფლაციის თარგეთირება არის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი, რომლის დროს ქვეყნის ცენტრალური ბანკი აცხადებს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, რაც არის არსებულ ეტაპზე ქვეყნისათვის სასურველი ინფლაციის დონე, და შემდეგ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია შეინარჩუნოს მიზნობრივ დონეზე.

90–იანი წლების შემდგომ მონეტარული პოლიტიკის ასეთი რეჟიმი საკმაოდ წარმატებული გამოდგა ინფლაციასთან ბრძოლაში, ამიტომ მსოფლიოს მრავალი განვითარებული ქვეყანა გადავიდა მონეტარული პოლიტიკის სწორედ ამ რეჟიმზე, მათ შორის ინგლისის ბანკი, შვეიცარიის ცენტრალური ბანკი და სხვა.

ინფლაციის თარგეთირების დროს მონეტარული პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტს მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს. მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის ცვლილებით ქვეყნის ცენტრალური ბანკი ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს უფრო გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებზე, გასესხების განაკვეთზე და საბოლოო ჯამში ერთობლივ მოთხოვნაზე.

რადგანაც ინფლაციის თარგეთირების უმთავრესი ამოცანა ეკონომიკურ აგენტებში ინფლაციის მოლოდინის ფორმირებაზე ზეგავლენაა, მნიშვნელოვანი ხდება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების საზოგადოებასთან კომუნიკაცია.

განვითარების არსებულ ეტაპზე, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში, 2012-2014 წლებისთვის, 6 პროცენტს შეადგენს, 2015 წლისათვის კი - 5 პროცენტს. დროთა განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ეროვნული ბანკი ეტაპობრივად შეამცირებს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს 3 პროცენტამდე (იხ. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები).

ინფლაციის თარგეთირების დროს მნიშვნელოვანია ინფლაციის პროგნოზირება. რადგანაც მონეტარული პოლიტიკის ცვლილება რეალურ ეკონომიკაზე არა მყისიერად, არამედ მხოლოდ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აისახება, მონეტარული პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანია არა დღევანდელი არამედ პროგნოზირებული ინფლაცია. იმ შემთხვევაში თუ ინფლაციის პროგნოზი აღემატება მიზნობრივ დონეს ეროვნული ბანკი გაამკაცრებს პოლიტიკას, და პირიქით, თუ ინფლაციის პროგნოზი ნაკლებია მიზნობრივ დონეზე –  გადაწყვეტილება პოლიტიკის შერბილების სასარგებლოდ მიიღება.

რა მონეტარული ინსტრუმენტები გააჩნია ეროვნულ ბანკს?
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობა. ინფლაციის დონის მიზნობრივ მაჩვენებელზე შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკი იყენებს მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთს, რომლის ცვლილებაც მონეტარული გადაცემის მექანიზმის საშუალებით ზეგავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე და შედეგად იცვლება ფასების დონეც. ამ მიზნის მისაღწევად სებ–ი იყენებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებს, როგორებიცაა რეფინანსირების სესხები, სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონები, ერთდღიანი სესხები და ერთდღიანი დეპოზიტები და მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები. ამ ინსტრუმენტების საშუალებით ეროვნული ბანკი  ფინანსურ ბაზარზე  საპროცენტო განაკვეთს არეგულირებს. ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მცირდება საბანკო რესურსები რაც, შესაბამისად, ფულის მასის შემცირებას იწვევს და ხდება საბანკო სისტემიდან ჭარბი ლიკვიდობის ამოღება. გარდა ამისა, სადეპოზიტო სერტიფიკატები და სახაზინო ფასიანი ქაღალდები მიეკუთვნება დაბალი რისკის მატარებელი აქტივების კლასს და კომერციულ ბანკებს საშუალებას აძლევს შეამციროს საკრედიტო პორტფელის რისკიანობის მაჩვენებელი. ამავდროულად, ვითარდება ფასიანი ქაღალდების ბაზარიც.

ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების საშუალებით  საბანკო სისტემას მოკლევადიანი ლიკვიდობა მიეწოდება. მათი გაცემა ხორციელდება აუქციონების საშუალებით, შესაბამისი გირაოს წარმოდგენის საფუძველზე. ერთკვირიანი რეფინანსირების სესხებით სებ-ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გადაეცემა საბანკო სექტორის ჯერ მოკლევადიან და შემდგომ კი გრძელვადიან განაკვეთებს. ერთდღიანი სესხებისა და ერთდღიანი დეპოზიტების განაკვეთების საშუალებით იქმნება ე.წ. კორიდორი ბანკთაშორის ბაზარზე, რომელიც ამცირებს ამ ბაზრის განაკვეთის მერყეობას. 

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები არის მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებით ეროვნული ბანკი გავლენას ახდენს მონეტარულ აგრეგატებსა და ფულის მასაზე. გარდა ამისა, სავალდებულო რეზერვების მოთხოვნის გამოყენებით სებ-ი უზრუნველყოფს ბანკების მიერ საჭირო ლიკვიდური სახსრების არსებობას რეზერვში მოულოდნელი ფულადი გადინების დასაფარად. სარეზერვო მოთხოვნების გაზრდა იწვევს დაკრედიტებისთვის საჭირო ფულადი სახსრების შემცირებას ბანკებისთვის, ხოლო დაწევა კი - პირიქით, გამოიწვევს ფულის მიწოდების გაზრდას.

მონეტარული პოლიტიკის ამ ინსტრუმენტების გამოყენების მთავარი მიზანი ერთობლივ მოთხოვნაზე გავლენის მოხდენაა, რაც საბოლოოდ აისახება ინფლაციის მაჩვენებელზე. (იხ. ლიკვიდობის მართვის ძირითადი პრინციპები საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე).

რა არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი?
საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ბანკების ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია და ის ერთგვარი ორიენტირია საბაზრო განაკვეთებისათვის.

გადაწყვეტილება პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე მიიღება მიმდინარე და მოსალოდნელ ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებზე დაკვირვების შედეგად. მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებლის გათვალისწინება ხდება, ვინაიდან გატარებული პოლიტიკის შედეგი ეკონომიკაზე  დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება (time lag). თუ პროგნოზირებული მაჩვენებელი აღემატება ინფლაციის მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას და აწევს საპროცენტო განაკვეთს, რათა შეზღუდულ იყოს მომავალში ფასების დონის მატება. შედეგად, შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც ზეგავლენას მოახდენს ფასების ზრდის ტემპზე. საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა არის დაბალი და ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი ნაკლებია მიზნობრივზე, ეროვნული ბანკის მიერ გატარდება ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა - შემცირდება საპროცენტო განაკვეთი, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაეცემა სესხების საპროცენტო განაკვეთს და გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის წახალისებას.

ინფლაცია შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით. მაგალითად, ფასების დონის მატებაზე მოქმედებს ერთობლივი მოთხოვნის ზრდა, როდესაც ჭარბი მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხორციელდება ერთობლივი მიწოდებით. შესაძლოა, აგრეთვე ადგილი ჰქონდეს ეგზოგენურ ფაქტორებს. მათზე ზეგავლენის მოხდენა მონეტარული პოლიტიკის საშუალებით შეზღუდულია. ასეთებს განეკუთვნება მსოფლიო ბაზარზე განვითარებული მოვლენები, გადასახადების ცვლილება, სტიქიური უბედურებები, რეგულირებადი ფასების ცვლილება და სხვ. ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდა, რამაც ზეგავლენა იქონია ქვეყანაში სხვადასხვა პროდუქტების ფასის მატებაზე. ეგზოგენური ფაქტორები ვერ გაკონტროლდება შიდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის საშუალებით, ამდენად ცენტრალური ბანკები, როგორც წესი, არ რეაგირებენ ასეთი ფაქტორების შედეგად ინფლაციის ზრდაზე. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სიტუაცია წარმოქმნის ინფლაციის მოლოდინს, რაც ზეგავლენას ახდენს ფასების დონეზე, უნდა მოხდეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება საპროცენტო განაკვეთის გაზრდით ინფლაციის მოლოდინის შესამცირებლად. განაკვეთის ცვლილება, გადაცემის მექანიზმის საშუალებით, სხვადასხვა არხებით გადაეცემა ერთობლივ მოთხოვნას, გამოიწვევს მის შემცირებას და შედეგად უნდა ველოდეთ ფასების დონის შემცირებასაც.

როდის იცვლება მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი? 
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე მიიღება მიმდინარე და მოსალოდნელ ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებზე დაკვირვების შედეგად. მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში ხდება ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებლის გათვალისწინება, ვინაიდან გატარებული პოლიტიკის შედეგი ეკონომიკაზე  აისახება დროის გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ. თუ პროგნოზირებული მაჩვენებელი აღემატება ინფლაციის მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი აწევს საპროცენტო განაკვეთს, რათა მომავალში შეზღუდული იყოს ფასების დონის მატება. საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა არის დაბალი და ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი ნაკლებია მიზნობრივ დონეზე, ეროვნული ბანკი შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, საჭიროებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს შერბილებული, გამკაცრებული ან ნეიტრალური. ეკონომიკის წონასწორული მდგომარეობისას, როდესაც ეკონომიკა არ განიცდის შოკებს მიწოდების და მოთხოვნის მხრიდან, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მის ნეიტრალურ დონეზეა. ანუ „ნეიტრალური განაკვეთი“ წარმოადგენს საბაზისო დონეს, რომლის დროსაც მონეტარული პოლიტიკა არც შერბილებულია და არც ექსპანსიურია, გამოშვება მის პოტენციურ დონეზეა და ინფლაციაც სტაბილურია. პოლიტიკის განაკვეთის გადახრა ნეიტრალური დონიდან განპირობებულია ეკონომიკური ციკლებით - რეცესიებითა და ბუმებით, რაც მონეტარული პოლიტიკის ცვლილების საჭიროებას იწვევს. შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთები სცილდება ნეიტრალურ მაჩვენებელს: ბუმის დროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ დონეზე მაღლაა, რეცესიის დროს კი - პირიქით. გრძელვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოდ ნეიტრალური განაკვეთის ტოლი იქნება.

მოცემულ ეტაპზე, 2015 წლიდან ინფლაციის 5-პროცენტიანი მიზნობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, საქართველოსთვის ნეიტრალური საპროცენტო განაკვეთი 6 -7 პროცენტს შეადგენს. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკის განაკვეთი შეიძლება მასზე მეტი ან ნაკლები იყოს. ისტორიულად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოდ 7%-ია, ხოლო მისი მაქსიმალური განაკვეთი 2008 წელს 10 პროცენტს შეადგენდა. 

მომავალში, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შემცირების პარალელურად შემცირდება ნეიტრალური საპროცენტო განაკვეთის დონეც.
 

 

მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ცვლილება აძვირებს სესხებს. უკეთესი ხომ იქნება რომ პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დაბალ ნიშნულზე დარჩეს? 

ეროვნული ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის ცვლილება მიმართულია ჩვენი მთავარი ფუნქციის ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. როცა მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია იქნება მიზნობრივ დონეზე მაღალი, ეროვნული ბანკი ზრდის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს და პირიქით. 

თუ მსგავს შემთხვევაში ეროვნული ბანკი თავს შეიკავებს პოლიტიკის განაკვეთის ზრდისგან, ეს მაინც ვერ დაიცავს მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთების მატებისგან, რადგან განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება (როცა იკვეთება მისი გაზრდის საჭიროება) გამოიწვევს ინფლაციის მოლოდინის და შედეგად ფაქტიური ინფლაციის ზრდას. მაღალი ინფლაცია და გაზრდილი ინფლაციური მოლოდინები გამოიწვევს ნომინალური საპროცენტო განაკვეთების მატებას პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების პირობებშიც კი. გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში განაკვეთის დაბალ დონეზე შენარჩუნება კიდევ უფრო გაამწვავებს მაღალი ინფლაციის პრობლემას და საბოლოოდ დადგება პოლიტიკის განაკვეთის სწრაფად და მკვეთრად გაზრდის საჭიროება, შედეგად საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება იმაზე უფრო მეტად, ვიდრე პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის შედეგად გაიზრდებოდა. პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი და ზომიერი ზრდა კი საშუალებას აძლევს ეკონომიკურ აგენტებს წინასწარ განჭვრიტონ მოსალოდნელი ცვლილება და გაითვალისწინონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

საპროცენტო განაკვეთები გრძელვადიან პერიოდის განმავლობაში ყველაზე დაბალი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მონეტარული პოლიტიკა ბიზნეს ციკლის ადექვატურად შეიცვლება. შესაბამისად პოლიტიკის განაკვეთის დროული ცვლილება, გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფს ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთებს. 

 

რა ტიპის სესხებზე ახდენს გავლენას პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება?

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება შემდეგნაირად აისახება სხვადასხვა ტიპის სესხების საპროცენტო განაკვეთებზე:

ცვლადი საპროცენტო განაკვეთის არსებულ სესხებზე, საპროცენტო განაკვეთი შეიცვლება ინდექსის ცვლილების შესაბამისად. მაგ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე ინდექსირებული სესხის განაკვეთი, პოლიტიკის განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდის შემთხვევაში, ასევე გაიზრდება 0.25 პროცენტული პუნქტით.

არსებულ ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ უნდა შეიცვალოს. ხოლო ფიქსირებული პროცენტის მქონე ახალ სესხების შემთხვევაში პოლიტიკის განაკვეთის არსებული და მოსალოდნელი ცვლილება გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაეცემა  სესხების საპროცენტო განაკვეთებს.

 

რა ფუნქცია აქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს? 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი - ეს არის სათათბირო საკონსულტაციო ორგანო, რომლის ძირითადი ფუნქცია ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელებაა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი შექმნილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე. კომიტეტის გადაწყვეტილება რეკომენდაციის სახით მიეწოდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ხოლო მისი საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნული ბანკი გამოსცემს სამართლებრივ აქტებს.

კომიტეტში 11 წევრია და მას თავჯდომარეობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები შეიძლება იყვნენ ეროვნული ბანკის თანამშრომლები და მოწვეული პირები. სხდომები იმართება თვეში ერთხელ (განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე შეხვედრა) წინასწარ ცნობილი კალენდრის მიხედვით. კომიტეტი განსაზღვრავს, თუ რა იქნება მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი შემდგომი პერიოდისათვის და აწესებს მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთს, რომელიც უზრუნველყოფს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის  მიღწევას.  კომიტეტის შეხვედრაზე მიმდინარეობს მსჯელობა და მიიღება გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ღია ბაზრისა და სხვა ფულად-საკრედიტო და სავალუტო ოპერაციები, საკუთარი ფასიანი ქაღალდების ემისია და მიმოქცევა, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დადგენა, სებ-ის სასესხო, სადეპოზიტო და სხვა საკრედიტო ოპერაციებზე (გარდა ბოლო ინსტანციის სესხებისა) საპროცენტო განაკვეთების განსაზღვრა, და მონეტარული პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტების გამოყენება.

რას გულისხმობს „ლარიზაცია“?
ლარიზაცია არის დე–დოლარიზაცია ქართული ვალუტისათვის – ლარისათვის. ტერმინი "ლარიზაცია" შესაძლოა გამოიყენებოდეს ორი მნიშვნელობით:

    1. ლარიზაცია – ყველა ვალუტის გამოყენებაში ლარის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი. მაგ.: სესხების (დეპოზიტების) ლარიზაცია – ბანკების მიერ გაცემული სესხების (მიღებული დეპოზიტების) საერთო რაოდენობაში ლარით სესხების (დეპოზიტების) პროცენტული მაჩვენებელი; ეკონომიკის ლარიზაცია – ეკონომიკაში გამოყენებული ფულის მთლიან მასაში ლარის პროცენტული მაჩვენებელი.

    2. ლარიზაცია - პროცესი, როდესაც ლარიზაციის პროცენტული მაჩვენებელი იზრდება. საზოგადოდ, ეს პროცესი ფიქსირდება იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში მოქმედი ეკონომიკური აგენტები უპირატესობას ანიჭებენ ეროვნულ ვალუტას. კერძოდ, დანაზოგს ინახავენ ეროვნული ვალუტით ნაცვლად უცხოური ვალუტისა და ასევე სესხებს იღებენ ეროვნული ვალუტით ნაცვლად უცხოური ვალუტისა, ფასებს აფიქსირებენ (მათ შორის გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე: ბინა, მანქანა და სხვ.) ეროვნული ვალუტით ნაცვლად უცხოური ვალუტისა.

ლარიზაციის ზრდა მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური გარემოს მისაღწევად. ამ შემთხვევაში ქვეყანას უმცირდება სავალუტო რისკი, შესაბამისად საგარეო შოკს უფრო ნაკლები გავლენა ექნება ეკონომიკაზე. გაზრდილი ლარიზაციის პირობებში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა გახდება უფრო ეფექტური, რაც აუცილებელი წინაპირობაა ეკონომიკური სტაბილურობისათვის. ამდენად ეროვნული ბანკის ერთ–ერთი ძირითადი ამოცანა სწორედ ლარიზაციის ზრდაა. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ლარიზაციის ზრდა მიღწეულ იქნას ბუნებრივად, ყოველგვარი ადმინისტრაციული ზომების შემოღების გარეშე.

 

<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service