ENGLISH
 

IBAN საქართველოში 

2009 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მუშაობა დაიწყო საბანკო სექტორში ანგარიშების ნომრების სტანდარტიზაციისათვის. არსებული მდგომარეობის შესწავლის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოქმედ კომერციულ ბანკებთან ერთად, საქართველოს ბანკების ასოციაციის მხარდაჭერით, გადაწყვიტა ერთიანი საერთაშორისო საბანკო ანგარიშების ნომრების (IBAN) შემოღება. ბანკებთან ხანგრძლივი დისკუსიებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს საბანკო სექტორში არსებული ანგარიშების IBAN ფორმატში წარმოდგენის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმად, 2010 წლის 3 მაისიდან მხარეები შესაბამის საბანკო ანგარიშებს გახსნიან IBAN ფორმატში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყო IBAN ფორმატის სარეგისტრაციო ფორმის საერთაშორისო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოებაში (SWIFT) წარდგენა. შემუშავებული ფორმატის მიხედვით IBAN ანგარიშები საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილი იქნება 22 სიმბოლოთი. 

წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ SWIFT–ში რეგისტრირებული IBAN ანგარიშების ნომრების ფორმატის მაგალითს:

 

GE – ქვეყნის კოდი (2 სიმბოლო);
29 – საკონტროლო გასაღები (2 ციფრი), რომელიც გამოითვლება ყველა სხვა დანარჩენი სიმბოლოების მიხედვით;
NB – ბანკის IBAN კოდი. დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თითოეული ბანკისათვის (იხ. ბანკების კოდები);
0000000101904917 – ბანკის მიერ განსაზღვრული ანგარიშის იდენტიფიკატორი (16 ციფრი).

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service