ENGLISH
 

საერთაშორისო კონფერენცია 

"ცენტრალური ბანკების თანამედროვე როლი მცირე ზომის ღია ეკონომიკის ქვეყნებში"

26–27 ივნისი 2009
თბილისი, საქართველო


2009 წლის 26–27 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.  კონფერენციის მთავარი თემა იყო „ცენტრალური ბანკების თანამედროვე როლი მცირე ზომის ღია ეკონომიკის ქვეყნებში“. ღონისძიება  სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა პირებმა,  საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა. მათ შორის, აღსანიშნავია კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ნობელის პრემიის ლაურეატის რობერტ მანდელის სტუმრობა, რომელიც კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი იყო.

საბანკო სექტორთან დაკავშირებული მსგავსი რანგის და მასშტაბის კონფერენცია საქართველოში პირველად გაიმართა და მის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს  მსოფლიოში არსებული ფინანსურ–ეკონომიკური სიტუაცია, რადგან, უკვე საკმაოდ თვალსაჩინოა მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენა საქართველოს მსგავს მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე. საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეებმა განიხილეს გლობალური ეკონომიკური კრიზისის გავლენით გამოწვეული შედეგები მცირე და ღია ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებში და მათ აღმოსაფხვრელად გატარებული კონკრეტული ღონისძიებები, აგრეთვე ზოგადად, ცენტრალური ბანკების როლი ეკონომიკური კრიზისების დაძლევის საკითხებში და სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები.

კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების უმაღლესი თანამდებობის პირები.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებმა.

საქართველოს ეროვნულ ბანკს კონფერენციაზე  პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და სხვა თანამდებობის პირები წარმოადგენდნენ.

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service