ENGLISH
 
ბანკის შესახებ > ისტორია > რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2005 წლის მარტიდან 2007 წლის ოქტომბრამდე.

დაიბადა 1956 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის სპეციალობით.

1982 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რომან გოცირიძე სამსახურებრივ კარიერას იწყებს უნივერსიტეტში, მეცნიერ-თანამშრომლის რანგში. 1988 წლიდან იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის კათედრის დოცენტია.

1990 წელს რომან გოცირიძეს ირჩევენ საქართველოს უზენაესი საბჭოს (პარლამენტის) დეპუტატად. ამ პერიოდში იგი ეკონომიკური რეფორმების კომისიის თამჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატიული ცენტრის" თანათავმჯდომარეა.

1992 წლის თებერვალში ინიშნება საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად და სახელმწიფო საბჭოს წევრად.

1992 წელს რომან გოცირიძეს ირჩევენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატად. ამავე წელს იგი იკავებს საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ეკონომიკური რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის პოსტს.

1993-1995 წლებში რომან გოცირიძე საქმიანობას აგრძელებს პედაგოგიკის სფეროში. 1995-1996 წლებში იგი საინვესტიციო ფონდის - „ქართული კაპიტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, 1996-1998 წლებში კი, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების დაცვის ლიგის პრეზიდენტი.

1998 წელს რომან გოცირიძე ინიშნება საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის თანამდებობაზე. 2002 წლიდან იგი ქ. თბილისის საკრებულოს წევრია.

2004 წელს რომან გოცირიძე აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. საქართველოს პარლამენტში მოღვაწეობის პერიოდში რომან გოცირიძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი უკავია.

2005 წლის მარტში რომან გოცირიძე ინიშნება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად და ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარედ.

რომან გოცირიძეს მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service