ENGLISH
 
ბანკის შესახებ > ისტორია > იასონ ლორთქიფანიძე

იასონ ლორთქიფანიძე

საქართველოს სახელმწიფო ბანკის მმართველი 1920 წლის ივლისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე.

1889 წელს, პეტერბურგის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებული იასონ ლორთქიფანიძე საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაება. რუსეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი მოღვაწეობა არაკეთილსაიმედოდ მიიჩნია და ახალგაზრდა იურისტს მუშაობა აუკრძალა. ამ მიზეზით იასონ ლორთქიფანიძემ სამშობლოს ფარგლებს გარეთ - ჯერ განჯაში, შემდგომ ვლადიკავკაზში გააგრძელა საქმიანობა.

 განჯაში მისი თაოსნობით დადგინდა ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი და სწორედ მისი უდიდესი წვლილის შედეგიცაა, რომ 1893 წელს ბარათაშვილის ნეშტი სამშობლოს დაუბრუნდა. იასონ ლორთქიფანიძე ასევე იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი და ამ კომისიის საფინანსო ნაწილის ხელმძღვანელი. 1918 წლიდან იასონ ლორთქიფანიძე ეროვნული საბჭოს წევრი იყო, 1920 წელს კი, თბილისში დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული სახელმწიფო ბანკის დაფუძნების შემდეგ - მისი პირველი მმართველი.

ამ პოსტზე სოციალ-დემოკრატიული ხელისუფლების მიერ ეროვნულ-დემოკრატისათვის ხმის მიცემა იასონ ლორთქიფანიძის მაღალი პროფესიონალიზმით და ქვეყნის წინაშე დამსახურებით უნდა აიხსნას. 1921 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საქართველოს სსრ სახალხო ბანკად გადაკეთდა და მმართველის თანამდებობაზე 1923 წლამდე იასონ ლორთქიფანიძე დატოვეს, თუმცა მალე მოადგილედ დააქვეითეს და 1924 წელს მისგანვე ორგანიზებული სამრეწველო ბანკის უფროსად გადაიყვანეს. სამ წელიწადში ამ თანამდებობიდანაც გაანთავისუფლეს და 1927 წლიდან 1934 წლამდე არა მარტო საფინანსო საქმიანობა, არამედ სამსახურიც აუკრძალეს. ხელისუფლებამ სამოცდაათ წელს მიტანებულ იასონ ლორთქიფანიძეს ბოლოსდაბოლოს ნდობა გამოუცხადა - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მიიღეს და ძველი არქივების მოწესრიგება-აღწერის საქმე დაავალეს. მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა მისი ეპისტოლარული დანატოვარი საბანკო საკითხების შესახებ. იასონ ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1949 წელს.

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service