ENGLISH
 
ბანკის შესახებ > ისტორია > ისტორია-1919-1921

1919-1921 წწ.
პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში

საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების მრავალეტაპიან პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა 1919 წელს. ამ დრომდე საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას არ გააჩნდა საკრედიტო სისტემის მართვისა და რეგულირების საკუთარი სათავო რგოლი – საქართველოს ცენტრალური ბანკი. მის მოვალეობას ასრულებდა რუსეთის ყოფილი საიმპერიო ბანკის თბილისის განყოფილება, რომელსაც 1917 წლის ოქტომბრიდან არავითარი კავშირი აღარ ჰქონდა საიმპერიო ბანკთან.

რუსეთის ყოფილი საიმპერიო ბანკის თბილისის განყოფილება 1917 წლის ნოემბრიდან ჯერ ამიერკავკასიის კომისარიატის ფინანსთა კომისრის ქრისტეფორე კარჩიკიანის უშუალო დაქვემდებარებაში, ხოლო შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრების გიორგი ჟურულის (ამ თანამდებობაზე მუშაობდა 1918 წლის 26 მაისიდან 1919 წლის 21 მარტამდე) და კონსტანტინე კანდელაკის (მოღვაწეობდა 1919 წლის 21 მარტიდან) ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.

ზემოხსენებული ბანკის თბილისის განყოფილების ფუნქცია ზარაფხანიდან შეტანილი ფულადი ნიშნების ფინანსთა მინისტრის დირექტივებისამებრ განკარგვა იყო. მის მუშაობას აკონტროლებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დანიშნული საგანგებო კომისარი.

დამოუკიდებელი სახელმწიფო საკრედიტო აპარატის არარსებობა, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა ფულის მიმოქცევისა და სხვა სასიცოცხლო ეკონომიკური მნიშვნელობის საქმეთა რეგულირების პრეროგატივას, ძალზე უარყოფით როლს ასრულებდა. ამის გამო, ამგვარი ვითარების დიდხანს გაგრძელება შეუძლებელი იყო.

ჯერ კიდევ 1918 წლის მიწურულს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრმა გიორგი ჟურულმა რესპუბლიკის მთავრობას წარუდგინა კანონპროექტი სახელმწიფო ბანკის დაარსებისა და მისი წესდების შესახებ. გარკვეულ მიზეზთა გამო, მისი დამტკიცება საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წლის ბოლომდე გადაიდო.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დამოუკიდებელი საქართველოს საფინანსო წრეების წარმომადგენელთა აზრით, ცენტრალური ბანკი თვისებრივად ახალ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა დაფუძნებულიყო. საქართველოს მაშინდელი ფინანსთა მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო ბანკი არ უნდა მოქცეულიყო კერძო აქციონერებისა და ფინანსთა მინისტრის გავლენის ქვეშ (როგორც ეს რუსეთის საბანკო პრაქტიკაში იყო მიღებული). ასეთ პირობებში საქართველოს სახელმწიფო ბანკის მოდელი შვედეთის სახელმწიფო ბანკის მაგალითზე აიგო, რომელიც საუკეთესო რეპუტაციით სარგებლობდა და, ამავე დროს, ორივე ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციისაგან განსხვავდებოდა.

ბანკის დაარსებისათვის საჭირო ძირითადი თანხა სახელმწიფო ხაზინამ გაიღო და მთელი მისი მოგებაც სახელმწიფო ხაზინას ეკუთვნოდა. იგი პირდაპირ ექვემდებარებოდა საკანონმდებლო ორგანოს – პარლამენტს. წესდების მიხედვით, ბანკის გამგეობა და ზედამხედველობის საბჭო მთავრობისაგან დამოუკიდებელი ორგანოები უნდა ყოფილიყო.

1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ, რითაც ქვეყანაში საბანკო სისტემის მარეგულირებელი და ეროვნული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოს კანონიერ ფუნქციონირებას ჩაეყარა საფუძველი. კანონს ერთვოდა წესდება, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო ბანკის დანიშნულება, სტრუქტურული მოწყობა, საწესდებო კაპიტალი და უფლება-მოვალეობანი იყო განმარტებული.

საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ კანონით:

  1. დამფუძნებული კრების მიერ მიღწეული წესდების თანახმად დაარსებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ბანკი.
  2. გაღებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ბანკის ძირითად თანხად წესდების მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხაზინიდან ორმოცდაათი მილიონი მანეთი.
  3. არსებული კანონმდებლობის ყოველი ის მუხლი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ბანკის წესდებას, გაუქმებულ იქნეს ბანკის მოქმედების დაწყების დღიდან.
  4. კანონი ესე ძალაში შედის დღიდან მისი მიღებისა დამფუძნებული კრების მიერ.

საქართველოს სახელმწიფო ბანკის ამოქმედება 1920 წლის ივლისიდან გახდა შესაძლებელი. კანონის შესაბამისად, აღნიშნულ სტრუქტურას დაარსების პირველივე დღიდან საქართველოს სახელმწიფო ბანკი ეწოდა. მისი ძირითადი ფუნქცია იყო ფულის მიმოქცევისა და რესპუბლიკის ფულადი ნიშნების სტაბილურობა, აგრეთვე, ვაჭრობის, მრეწველობის და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მოკლევადიანი სესხების გაცემა. საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ცნობილი ქართველი ფინანსისტი, ბანკირი იასონ ლორთქიფანიძე.

ფუნქციონირების მცირე ხნის მიუხედავად, ბანკმა საქართველოსათვის ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება მოასწრო: განახორციელა ფულის რეფორმა, შექმნა მნიშვნელოვანი უცხოური სავალუტო რეზერვები, მიმოქცევიდან ამოიღო ამიერკავკასიის კომისარიატის ბონები. ამ უკანასკნელის თავისუფალი მიმოქცევა აშკარად ზღუდავდა სუვერენული საქართველოს ფულად-საკრედიტო სფეროს და, ამდენად, ხანგრძლივად ვერ გაგრძელდებოდა. ამის გამო, საქართველოს ეროვნულ საბჭოში ქართული ფულის, თუნდაც ბონების სახით, გამოშვების მომხრეთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა.

1918 წლის ივნისში დაარსდა ქართული ფულის ფონდი, რომელიც მომავალი ქართული ვალუტის სტაბილური კურსის ერთ-ერთი მყარი გარანტი უნდა გამხდარიყო.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1918 წლის ივლისში გამოცხადდა კონკურსი ქართული ფულის ნიშნების კონკრეტული მხატვრული სახის შესარჩევად და დასადგენად. ღონისძიებას კურირებდა მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია, რომელმაც ერთხმად მოიწონა მხატვარ იოსებ შარლემანის მიერ შესრულებული ესკიზი. სწორედ ეს ესკიზები დაედო საფუძვლად ქართული ბონების გარეგნულ სახეს. ამ პერიოდისათვის ქართული ბონის გამოსაშვებად უკვე მომზადებული იყო ნიადაგი – საშინაო და საგარეო მდგომარეობის შედარებით სტაბილურობის ფონზე, ყველა ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ დადგა დრო, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დასმოდა სომხეთსა და აზერბაიჯანზე საქართველოს ფინანსურ დამოკიდებულებას. 

სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის შემოღების მოსამზადებელი სამუშაოები 1918 წლიდან მიმდინარეობდა. ვალუტის ძირითად სახელად საქართველოში XVI საუკუნიდან გავრცელებული ფულადი ერთეულის აღმნიშვნელი ტერმინი მარჩილი შეირჩა – ისტორიული წყაროებით დადასტურებულია, რომ მარჩილი, როგორც ფულის ერთეული, მიმოიქცეოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სულთა მატიანეში მოხსენებულია ქართველი დიდგვაროვნების მიერ მონასტრისათვის შეწირული მარჩილის ნომინალები.

1920 წლის ივნისში მთავრობის დავალებით მხატვარმა ევგენი ლანსერემ 25 მარჩილის ღირებულების სახელმწიფო საკრედიტო ბილეთის ესკიზი შეასრულა.

საქართველოს ეროვნული ვალუტა – მარჩილი მიმოქცევაში გერმანული მარკის პარიტეტული კურსით უნდა გასულიყო. XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის ნივთიერ წყაროდ შემორჩენილია 25 მარჩილის ღირსების სახელმწიფო საკრედიტო ბილეთის ესკიზი.

საქართველოს სახელმწიფო ბანკის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე ამ დროისათვის დაბეჭდილ ნებისმიერ ფულის ერთეულთან შედარებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მანეთი ყველაზე მტკიცე ვალუტად ითვლებოდა. მისი კურსი რუსეთის სახელმწიფო საკრედიტო ბილეთებისა და ამიერკავკასიის ბონების პარიტეტული იყო, რის გამოც იგი თავისუფლად მიმოიქცეოდა არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ რუსეთის პოსტიმპერიულ ქვეყნებშიც. საქართველოს სახელმწიფო ბანკის საქმიანობის შედეგად დარეგულირდა ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე, შემუშავდა ფულის ახალი რეფორმის გატარების პროექტები და განხორციელდა სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდგომ დამოუკიდებლობის დაკარგვამ საქართველოს სახელმწიფო ბანკს სახელმწიფოებრივი საფუძველი გამოაცალა და მან არსებობა შეწყვიტა.

1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ გენერალური ბანკის ფუნქციებს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო ბანკი ასრულებდა, რომელიც 1921 წლის ოქტომბერში რუსეთში დაარსებული სახელმწიფო ბანკის ერთ-ერთ ფილიალს წარმოადგენდა. მისი საქმიანობის სფერო მნიშვნელოვნად შეზღუდული იყო, ვინაიდან საყოველთაოდ მიღებული მბრძანებლურ-ადმინისტრაციული სისტემა ბანკების დამოუკიდებელი მოქმედების უნარს აფერხებდა და ხელს უშლიდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service