ENGLISH
 
ბანკის შესახებ > ისტორია > ეროვნული ბანკი დღეს

საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს

თანამედროვე საქართველოს ეროვნული ბანკი შეიქმნა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის (სსრკ) დაშლის შემდეგ, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად გამოცხადდა მის ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა საკრედიტო სისტემის შემადგენელი ყველა სტრუქტურა, მათ შორის სახელმწიფო ბანკი, რომლის ბაზაზეც დაფუძნდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი.

იმ პერიოდის საბანკო კანონმდებლობა ბევრ ნაკლს მოიცავდა. უპირველეს ყოვლისა, არ იყო მკაფიოდ გამოხატული ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რაც მის საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების არასასურველ ჩარევას ხელს ვერ უშლიდა.

ასევე არ იყო ცალსახად ჩამოყალიბებული მისი ძირითადი ფუნქციები, კერძოდ, ცენტრალურ ბანკს ერთდროულად ევალებოდა ანტიინფლაციური პოლიტიკის გატარება, „ეკონომიკის შეწონასწორებული განვითარებისა" და მეურნეობრიობის გააქტიურების სტიმულირება. ეს ცენტრალური ბანკისათვის მეტად ბუნდოვანი, წინააღმდეგობრივი და ნაწილობრივ მის კომპეტენციას გაცილებულ საკითხებსაც გულისხმობდა, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლიდა ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებას.

არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, საქართველოში ჩამოყალიბდა სამიარუსიანი საბანკო სისტემა, რაც არსებითად აფერხებდა მის განვითარებას. ლიბერალური მიდგომების ფონზე, პრაქტიკულად, უკონტროლოდ გამრავლდა საბანკო და სხვა ტიპის საკრედიტო დაწესებულებები, რომლებიც ვერ ასრულებდენენ ელემენტარულ ფუქნციებს და ბუნებრივია, საფრთხეს უქმნიდნენ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას. ამას დაერთო ეროვნული ბანკის მიერ ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში ზღვარგადასული ფულადი ექსპანსია, რაც ქვეყანაში ჰიპერინფლაციის გამომწვევი მიზეზი გახდა.

მართალია, კანონმდებლობა უკრძალავდა ეროვნულ ბანკს ბიუჯეტის დეფიციტის პირდაპირ დაფინანსებას, მაგრამ საკრედიტო ექსპანსია კომერციული ბანკების დაკრედიტებით ხორციელდებოდა, რასაც იგივე დამღუპველი შედეგი ჰქონდა.

ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ასევე არ უწყობდა ხელს მისი გამგეობის ხუთი წლის ვადით დანიშვნა, რაც ეროვნულ ბანკს პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილებების მიმართ დაუცველს ხდიდა.

იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანაში არ არსებობდა საკანონმდებლო ხელისუფლება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მონეტარული რეგულირების კუთხით, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იღებდა.

ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა შეზღუდული იყო იმითაც, რომ 1993 წლის პირველ აპრილამდე მას არ ჰქონდა ფულის ემისიის საშუალება. საქართველო შედიოდა სამანეთო ზონაში, რაც მას დამოკიდებულს ხდიდა რუსეთის ხელისუფლებაზე, რომელიც ამ ფაქტს პოლიტიკურ-ეკონომიკური ზეწოლის იარაღად იყენებდა. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო - 1993 წლის გაზაფხულისათვის, მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეწყვიტა საქართველოსთვის მანეთის მიწოდება, 1993 წლის 3 აპრილიდან მიმოქცევაში დროებითი ფულადი ერთეულის - კუპონის გაშვება, რომელსაც სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის შემოღებამდე უნდა ეტვირთა გარდამავალი პერიოდის სიმძიმე. კუპონის შემოღების შემდეგ ქვეყანაში არსებულ ურთულეს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებას დაერთო გაუმართლებლად ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რამაც განაპირობა კუპონის კატასტროფული გაუფასურება.

ეროვნული ბანკი ასევე შეზღუდული იყო სავალუტო ოპერაციების განხორციელებისას, ვინაიდან, პრაქტიკულად, არ გააჩნდა სავალუტო რეზერვები. მართალია, ქვეყანაში მიღებული იყო საექსპორტო ამონაგების სახელმწიფოსათვის სავალდებულო მიყიდვის წესი, მაგრამ საწყის ეტაპზე ეს უკანასკნელი ვერ უზრუნველყოფდა რეზერვების შევსებას. 1993 წლის ივნისიდან ამოქმედდა სახელმწიფო სავალუტო ფონდის ფორმირების ახალი წესი, რომლის თანახმად, საექსპორტო ამონაგების 32 პროცენტიდან, რომელიც სახელმწიფოსათვის სავალდებულო მიყიდვას ექვემდებარებოდა, 10 პროცენტი, მომდევნო წლიდან კი უკვე მთლიანი თანხა ეროვნული ბანკის რეზერვების შევსებას ხმარდებოდა.

1992 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური დახმარებით დაიწყო მუშაობა საქართველოში თანამედროვე ფულად-საკრედიტო და საბანკო სისტემის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად. საყურადღებოა 1993 წლის 29 ნოემბრის სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება - „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ფულად-საკრედიტო რეგულირების ზოგიერთი საგანგებო ღონისძიების შესახებ", სადაც გათვალისწინებული იყო საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები და ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელობის წინადადებები.

1994 წლის 25 მაისიდან საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, ეროვნული ბანკის სპეციალური დადგენილებით, დაუწესდათ ახალი საწესდებო ფონდის ნორმატივები, რომელიც თანდათანობით ზრდიდა საბანკო სისტემის კაპიტალიზაციას.

1994 წლის 12 აგვისტოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებით - „საქართველოში საბანკო სისტემის სრულყოფის შესახებ" -დასრულდა ორიარუსიანი საბანკო სისტემის ჩამოყალიბება. ამ დოკუმენტში ასევე მნიშვნელოვანი იყო ფულის მიწოდების უკეთ რეგულირებისათვის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშების გადატანა ეროვნულ ბანკში და კლიენტებთან უშუალო ანგარიშსწორების ფუნქციის ჩამორთმევა ეროვნული ბანკისათვის და მისი კომერციული ბანკებისათვის გადაცემა.

დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით. კონსტიტუციის 95-ე მუხლის შესაბამისად, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. ეროვნული ბანკის უფლება-მოვალეობა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება ორგანული კანონით, რომელიც 1995 წლის 23 ივნისს იქნა მიღებული.

ორგანული კანონი ანიჭებს დამოუკიდებლობას ცენტრალურ ბანკს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებისას.

ეროვნული ბანკი თავისუფალია აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი ჩარევისაგან მის საქმიანობაში. იგი ანგარიშვალდებულია საკანონმდებლო ხელისუფლების - საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელიც ყოველწლიურად ამტკიცებს „ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს", სადაც მოცემულია ეროვნული ბანკის საქმიანობის ზოგიერთი ძირითადი სამოქმედო რაოდენობრივი პარამეტრი და წლის განმავლობაში განსახორციელებელი სტრატეგიული ღონისძიებები ფულად-საკრედიტო, პრუდენციული რეგულირების სფეროსა და ქვეყნის საგადასახდელო სისტემის განვითარებისათვის.

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service