ENGLISH
 

26.06.2009   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით დღეს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც  საქართველოს ეროვნული ბანკი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით  მასპინძლობს. კონფერენციის თემაა „ცენტრალური ბანკების თანამედროვე როლი მცირე ზომის ღია ეკონომიკის ქვეყნებში“.

„კონფერენციის მიზანია მცირე ზომის ეკონომიკის ქვეყნების მიერ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლის გზების ძიება. დღეს, როცა საქართველოს ეროვნული ბანკი ინსტიტუციონალური გაძლიერების გზაზეა, განსაკუთრებით აქტუალურია ცენტრალური ბანკების როლის განხილვა მცირე ზომის ეკონომიკის ქვეყნებში. მსოფლიო ფინანსური კრიზისი ჩვენს ქვეყნებზე სხვადასხვაგვარად აისახა და შესაბამისად, ყველა ქვეყანას თავისებური, აქტიური და ინოვაციური საპასუხო რეაქცია ჰქონდა მასზე. აღნიშნული კონფერენციის მიზანი ჩვენი გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება და გამოსავლის გზების ერთობლივი ძიებაა. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობას. ჩვენს ქვეყანას, ამ მხრივ, კრიზისის დაძლევის მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ უმწვავესი კრიზისი, ორმაგი შოკის ეფექტი, მინიმალური დანაკარგებით გაიარა“,– განაცხადა კონფერენციის გახსნისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

„მსგავსი სახის კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება და იმედი მაქვს, რომ ეს ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და გარკვეულ ტრადიციად ჩამოყალიბდება. საქართველოს ეკონომიკამ კრიზისიდან გამოსვლა დაიწყო, თუმცა, გასული ათი თვე ქართული ეკონომიკისთვის რთული აღმოჩნდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მრავალი სირთულე იქნა გადალახული და ბევრ კითხვას გაეცა პასუხი, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები სწრაფად ვითარდება და ჩვენც ახალი გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ“,–განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ნიკა გილაურმა. მან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და საქართველოს მიერ კრიზისის დასაძლევად გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. პრემიერ–მინისტრის თქმით, ქვეყანაში შემუშავდა ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი და შემცირდა გადასახადები.

„დღეს ძალიან აქტუალურია ეკონომიკური და ფინანსური საკითხების ასეთი სახით განხილვა, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია საქართველოს მსგავს ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებზე. გლობალური ეკონომიკური კრიზისის პერიოდში  საქართველოს ეკონომიკას სიმტკიცე, ინოვაცია და სტაბილურობა სჭირდება. სწორედ ეს არის შიდა ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციების მოზიდვის და ინდუსტრიული განვითარების გასაღები“,– აღნიშნა კონფერენციაზე აშშ–ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ნობელის პრემიის ლაურეატი რობერტ მანდელი. მან ვრცლად მიმოიხილა მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, ისაუბრა ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებასა და, კრიზისიდან გამოსვლის მიზნით კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებაზე, ადგილობრივი წარმოების და ვაჭრობის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით საგადასახადო ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების უმაღლესი თანამდებობის პირები.
 

 

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service