ENGLISH
 

12.06.2009   ბეჭდვა
საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ცენტრალური ბანკების თანამედროვე როლი მცირე ზომის ღია ეკონომიკის ქვეყნებში“

2009 წლის 26–27 ივნისს, საქართველოს ეროვნული ბანკი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.  კონფერენციის მთავარი თემაა „ცენტრალური ბანკების თანამედროვე როლი მცირე ზომის ღია ეკონომიკის ქვეყნებში“. ღონისძიება გაიმართება სასტუმრო „თბილისი მარიოტში“.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი პირები,  საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები. მათ შორის, აღსანიშნავია კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ნობელის პრემიის ლაურეატის რობერტ მანდელის სტუმრობა, რომელიც კონფერენციის მთავარი მომხსენებელი იქნება.

საბანკო სექტორთან დაკავშირებული მსგავსი რანგის და მასშტაბის კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება და მის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს  მსოფლიოში არსებული ფინანსურ–ეკონომიკური სიტუაცია, რადგან, უკვე საკმაოდ თვალსაჩინოა მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენა საქართველოს მსგავს მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე. საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეების მიერ განხილული იქნება გლობალური ეკონომიკური კრიზისის გავლენით გამოწვეული შედეგები მცირე და ღია ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებში და მათ აღმოსაფხვრელად გატარებული კონკრეტული ღონისძიებები, აგრეთვე ზოგადად, ცენტრალური ბანკების როლი ეკონომიკური კრიზისების დაძლევის საკითხებში და სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები.

კონფერენციაზე მოწვეულნი არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების უმაღლესი თანამდებობის პირები.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ  საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკოლოზ გილაური, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის წევრები.

საქართველოს ეროვნულ ბანკს კონფერენციაზე წარმოადგენენ პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და სხვა თანამდებობის პირები.

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service