ENGLISH
 

02.06.2009   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკი ახალ ფულად–საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტს აამოქმედებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ფულადი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისაკენ და  მიიღო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 3 ივნისიდან აამოქმედოს ფულად–საკრედიტო პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი  –   სავალუტო სვოპი.


ახალი ინსტრუმენტის დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოში უცხოეთიდან დამატებითი კაპიტალის შემოდინებას, დაეხმარება ბანკებს გაზარდონ სესხების პორტფელი ეროვნულ ვალუტაში, შეამცირებს მსესხებლების სავალუტო რისკს და გააძლიერებს ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესს.


სავალუტო სვოპი არსებითად არის ორი სესხის კომბინაცია სხვადასხვა ვალუტაში. სავალუტო სვოპების მეშვეობით, სებ–ი ადგილობრივ ბანკებზე გასცემს სესხს ეროვნულ ვალუტაში და სანაცვლოდ მიიღებს უცხოურ ვალუტას.  სპოტ ანგარიშსწორების დროს, სებ–ი მიიღებს ა.შ.შ. დოლარებს და გასცემს ექვივალენტურ სესხს ლარებში მიმდინარე საბაზრო განაკვეთის შესაბამისად, რომელიც აუქციონზე განისაზღვრება.  სვოპის კონტრაქტის დაფარვის დღეს სებ–ი დააბრუნებს დოლარებს და თვითონ მიიღებს ექვივალენტურ თანხას ლარებში, პლუს სარგებელს.  სავალუტო სვოპის ფასი განისაზღვრება მიმდინარე საბაზრო კურსის, უცხოურ და ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინებით.


სავალუტო სვოპებს ექნებათ ერთ წლამდე ვადიანობა და შესაბამისად ბანკებს შეეძლებათ გამოიყენონ აუქციონზე შესყიდული ლარის რესურსები ეროვნულ ვალუტაში სესხების პორტფელის გასაზრდელად.  ამრიგად, მათ მიეცემათ ეროვნულ ვალუტაში სესხებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება.  შესაბამისად მსესხებლებს არ ექნებათ სავალუტო რისკი.  ამასთან ერთად, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ცვლილებებს შეიტანს ღია პოზიციის დებულებაში, რათა ბანკებს მისცეს შესაძლებლობა გამოიყენონ სვოპ ოპერაციები ბანკთაშორის ბაზარზე რისკების დასაზღვევად. სვოპების ამოქმედების შედეგად, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული გარკვეული რაოდენობის საბანკო სესხები ჩანაცვლდება ლარში დენომინირებული სესხებით. ასევე, ზოგიერთი ბანკი მოიზიდავს ახალ რესურსებს უცხოეთიდან. 


სებ–ი სავალუტო სვოპის აუქციონებს ჩაატარებს კვირაში ერთხელ,  ყოველ ოთხშაბათს.  სავალუტო აუქციონების მსგავსად, კომერციული  ბანკები თავიანთ განაცხადებს წარადგენენ ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის მეშვეობით. აუქციონები ჩატარდება მრავალი ფასის მეთოდით.  სებ–ი საპროცენტო განაკვეთზე ლიმიტს არ დააწესებს,  შესაბამისად საპროცენტო განაკვეთი დადგინდება ბაზრის მიერ. 

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service