ENGLISH
 

02.06.2009   ბეჭდვა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 5.5 მილიარდ ლარს შეადგენს

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), გასული წლის 1 მაისის მდგომარეობასთან შედარებით, 283.8 მლნ ლარით (5.4 პროცენტით) გაიზარდა და  2009 წლის 1 მაისისათვის 5.5 მლრდ ლარს გადააჭარბა. სესხების საერთო მოცულობის ზრდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ზრდის შედეგია. კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 26.1 პროცენტით, ანუ 1.3 მლრდ ლარამდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდამ 21.8 პროცენტი შეადგინა  და  4.2 მლრდ ლარს გადააჭარბა. 

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის, 2009 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 497.6 მლნ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 46.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.5 მლრდ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15.4 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 46.8 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. განვლილ 12 თვეში ვაჭრობის სფეროსათვის გაცემული სესხების მოცულობა 4.1 პროცენტით შემცირდა და 1.4 მლრდ ლარი შეადგინა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 20.1 პროცენტს შეადგენს, რაც 2009 წლის 1 მაისისათვის 609.4 მლნ ლარით განისაზღვრა (1.6 პროცენტით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით); 12.5 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 377.7 მლნ ლარია (9.5 პროცენტით ნაკლები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 79.3 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

გასული 12 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად – 13.6 პროცენტით გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2009 წლის 1 მაისისათვის  2.2 მლრდ ლარს გადააჭარბა.

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.gov.ge

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service