ENGLISH
 

18.10.2006   ბეჭდვა
რუსი სამართალდამცველთა მიერ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული სიცრუეა

საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მიზანმიმართულ სიცრუეს უწოდებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის ბანკების („ВЕК БАНК”, „Новая Экономическая Позиция”, „Принт БАНК”, „Инвесткомбанк Бэлком”, „Центурион”) მეშვეობით, რომელთა უკან თითქოს ქართული კრიმინალები მოიაზრებიან, ფულის გათეთრების მიზნით, საქართველოში  შვიდი მილიარდი აშშ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოს კომერციულ ბანკებს ფულის გათეთრებაში დადანაშაულებულ რუსულ ბანკებთან საქმიანი ურთიერთობა არ გააჩნიათ.     შესაძლებელია, ნახსენებ „ქართულ ბანკებში“ ნაგულისხმევი იყოს ე.წ. აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მოქმედი ბანკები, რომლებთანაც რუსეთის საბანკო და საანგარიშსწორებო სტრუქტურებს მართლაც აქვთ დამყარებული უკანონო ურთიერთობა და ეწევიან „შავი ფულის“ გათეთრებას. ამის თაობაზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ არაერთხელ მიმართეს როგორც რუსეთის ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნების მთავრობებს.  რუსეთის საბანკო სისტემაში არსებული კრიმინალური პროცესების ეთნიკური ნიშნით გაშუქება რუსეთის მხრიდან ანტიქართული ისტერიის ნაწილია.   როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ განაცხადა, რუსეთის აღნიშნული ბანკების მიერ საქართველოში საეჭვო თანხების გადმორიცხვა ამ სამსახურის მიერ შემჩნეული და აღრიცხული არ ყოფილა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service