ENGLISH
 

30.12.2008   ბეჭდვა
ინფორმაცია საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის შესახებ 2008 წლის მესამე კვარტლის ბოლოსათვის

საქართვე­ლოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2008 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 7093.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 2153.8 მლნ აშშ დოლარი (30.4%) სამთავრობო სექტორის, 467.0 მლნ აშშ დოლარი (6.6%) საქართველოს ეროვნული ბანკის, 1878.4 მლნ აშშ დოლარი (26.5%) საბანკო სექტორის, 738.1 მლნ აშშ დოლარი (10.4%) სხვა სექტორების, 1856.1 მლნ აშშ დოლარი (26.2%) კომპანიათაშორისი ვალი იყო. მთლიანი საგარეო ვალის 96.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში.

2008 წლის III კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 386.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, 225.0 მლნ საქართველოს ეროვნულ ბანკზე მოდის (გაზრდილი ვალის 58.3%), სამთავრობო სექტორის დავალიანება კი 30.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ვალდე­ბულებების ზრდა დაფიქსირდა უცხოურ ვალუტაში (404.7 მლნ დოლარი). რაც შეეხება ეროვნული ვალუტით განთავსებულ ვალს, იგი პერიოდის განმავლობაში 18.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 275.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალის ზრდა გამოწვეული იყო სავალუტო ფონდიდან ახალი ვალის (256.8 მლნ აშშ დოლარი) აღებით, რომელიც შემცირდა წინა პერიოდში აღებული ვალის ნაწილის დაფარვით (16.3 მლნ აშშ დოლარი) და საკურსო ცვლილებით (15.8 მლნ აშშ დოლარით). მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო სექტორში ადგილი ჰქონდა ახალი სესხის აღებას (ძირითადად, მსოფლიო ბანკიდან) და დარიცხულ იქნა პროცენტებიც, ამ სექტორში საგარეო ვალის შემცირება (72.3 მლნ აშშ დოლარით) საკურსო ცვლილებამ განაპირობა.

საბანკო სექტორში ადგილი ჰქონდა მოკლევადიანი ვალის 110.2 მლნ აშშ დოლა­რით შემცირებას და გრძელვადიანი ვალის 86.9 მლნ აშშ დოლარით ზრდას. რადგან საბანკო სექტორის საგარეო ვალის დიდი ნაწილი აშშ დოლარით არის დენომინირებული, სავალუტო კურსის ცვლილების გამო საბანკო სექტორის მთლიანი ვალი მხოლოდ 3.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. გარდა ამისა, ამ სექტორის ვალი, კლასიფიკაცი­ური ხასიათის ცვლილებების გამო, 31.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რამაც მთლიანობაში საბანკო სექტორის საგარეო დავალიანების 4.9 მლნ აშშ დოლარით ზრდა გამოიწვია.

სხვა სექტორების საგარეო დავალიანების ოპერაციული ცვლილებებით გამოწვეულმა ზრდამ 143.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან, გრძელვადიანია 131.0 მლნ აშშ დოლარის, მოკლევადიანი 12.4 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ვალი. გარდა ამისა, ამ სექტორის ვალი 31.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა კლასიფიკაცი­ური ხასიათის ცვლილებების გამო. რაც შეეხება სავალუტო კურსის მერყეობით გამოწვეულ ცვლილებებს, იგი ამჯერად უმნიშვნელო იყო. პირდაპირი ინვესტორებისგან მიღებულმა სესხებმა კომპანიათაშორისი ვალების 74.2 მლნ აშშ დოლარით ზრდა გამოიწვია.

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო და ფულად-საკრედიტო ორგანოების სექტორი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service