ENGLISH
 

31.12.2008   ბეჭდვა
2008 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი ისტორიულად მაღალი საერთაშორისო რეზერვებით ასრულებს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ 2008 წელს ორი მასშტაბური საგარეო შოკი გადაიტანა (რამაც, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე), წლის ბოლო მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა 2008 წელს რეკორდულად მაღალი უცხოური სავალუტო რეზერვებით ასრულებს.

წინასწარი მონაცემებით, 2008 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, დაახლოებით, 1460 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 7 პროცენტით აღემატება 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების ფორმირება ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის შესყიდვით, რეზერვების მართვიდან მიღებული შემოსავლებით, მთავრობის სავალუტო შემოსავლებით და სხვა წყაროების საშუალებით. თუ 2008 წლის პირველ ნახევარში რეზერვების ზრდაზე, ძირითადად, კერძო სექტორის მიერ მოზიდული სახსრები ახდენდა გავლენას, წლის მეორე ნახევარში საერთაშორისო რეზერვების მატების მიზეზი სახელმწიფო სექტორის მიერ მოზიდული შეღავათიანი სესხები და გრანტები იყო.

საერთაშორისო რეზერვები გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო ბაზარზე ოპერაციების განსახორციელებლად და საინვესტიციო პორტფელში ცვლილებების დასარეგულირებლად, აგრეთვე, მთავრობის საგარეო ვალის მომსახურების და საზღვარგარეთ სახელმწიფო შესყიდვების დაფინანსების მიზნით. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის უმაღლესი კატეგორიის ბანკებში დეპოზიტებზე და ლიკვიდურ ფასიან ქაღალდებშია  განთავსებული. საერთაშორისო სავალუტო რეზერვების არსებული დონე საქართველოს საფინანსო და სავალუტო ბაზრების სტაბილური ფუნქციონირების გარანტიაა. 

 

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service