ENGLISH
 

31.12.2008   ბეჭდვა
დეპოზიტების ზრდის მიმდინარე ტენდენციები

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების (მიმდინარე ანგარიშების და ვადიანი დეპოზიტების) მოცულობამ 2008 წლის 1 დეკემბრისათვის 2.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.3 პროცენტით მეტია წლის დასაწყისისათვის არსებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამ პერიოდში უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა 8.6 პროცენტით, მაშინ როცა ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა შემცირდა 12.7 პროცენტით. აღნიშნული მნიშვნელოვანწილად განაპირობა უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეულმა გადაფასებამ.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი წლის დასაწყისთან შედარებით 4.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2008 წლის 1 დეკემბრისათვის 70.3 პროცენტი შეადგინა. შეიცვალა აგრეთვე უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების სტრუქტურა. თუ წლის დასაწყისში უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების საერთო მოცულობაში აშშ დოლარის წილი შეადგენდა 80.5 პროცენტს, ხოლო ევროს წილი - 18.6 პროცენტს, მიმდინარე წლის 1 დეკემბრისათვის აშშ დოლარის წილი 77.3 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო ევროს წილი გაიზარდა 22.2 პროცენტამდე.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ეროვნული ვალუტისადმი მოსახლეობის პოზიტიური დამოკიდებულების ზრდისა, კვლავ მაღალი რჩება უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების ხვედრითი წილი მოსახლეობის ანაბრების სტრუქტურაში და 2008 წლის 1 დეკემბრისათვის 84.8 პროცენტი შეადგინა. წლის დასაწყისთან შედარებით 87.6 მლნ ლარით (6.8 პროცენტით) გაიზარდა ფიზიკური პირების ანაბრები აბსოლუტურ მაჩვენებლებში და მისმა მოცულობამ 1.4 მლრდ ლარს მიაღწია, რაც მოსახლეობის ერთ სულზე დაახლოებით 314 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების ანაბრების ზრდა მთლიანად უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების ზრდამ (8.6 პროცენტით) გამოიწვია, მაშინ, როცა მოსახლეობის ეროვნული ვალუტით დენომინირებული დეპოზიტები შემცირდა 2.2 პროცენტით.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge//index.php?m=306

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service