ENGLISH
 

26.12.2008   ბეჭდვა
საქართველოს საგადასახდელო ბალანსი

2008 წლის III კვარტალის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 652.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და, წინა კვარტალთან შედარებით, 28.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო 2007 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 21.2 პროცენტით.

საანგარიშო პერიოდში შემცირდა საქონლით ვაჭრობა, რომლის სალდომ 842.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (13.2 პროცენტით ნაკლები, წინა კვარტალთან შედარებით), რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია საქონლის როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის შემცირებით. კერძოდ, 2008 წლის III კვარტალში, II კვარტალთან შედა­რებით, იმპორტის მოცულობა 9.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო, 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი მიმდინარე წლის II კვარტალთან შედარებით 5.4 პროცენტით შემცირდა, ხოლო გასული წლის III კვარტალთან შედარებით 30.9 პროცენტით გაიზარდა.

მომსახურების ბალანსი, რომელიც, ტრადიციულად, დადებითი იყო და ნაწი­ლობრივ აბალანსებდა საქონლით გამოწვეულ დეფიციტს, ა. წ. III კვარტალში უარყოფითი გახდა და -9.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. აქედან, მომსახურების ექსპორტი 323.0 მლნ აშშ დოლარს (წინა კვარტალთან შედარებით, 8.9 პროცენტით, 2007 წლის III კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით შემცირ­და), ხოლო მომსახურე­ბის იმპორტი 332.1 მლნ აშშ დოლარს (წინა კვარტალ­თან შედარებით, შემცირდა 1.7 პროცენტით, ხოლო 2007 წლის ანალოგიურ პერიოდ­თან შედარებით 35.3 პროცენტით გაიზარდა) შეადგენს.

მომსახურებითი ვაჭრობიდან დადებითი ბალანსით ხასიათდება ტურისტული მომსახურების ბალანსი, რომელიც ყველაზე მაღალ მაჩვენებელს III კვარ­ტალ­ში აღწევდა. აგვისტოს მოვლენების გამო ის 2008 წლის III კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.5 პროცენტით, ხოლო ა. წ. II კვარტალთან შედარებით, 6.2 პროცენტით შემ­ცირდა. მეორე დადებითი კომპონენტი, კავშირ­გაბმულობის მომსახურება, გაიზარდა როგორც მიმდინარე წლის წინა კვარტალთან, ასევე 2007 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (24.7 პროცენტით და 4.5-ჯერ, შესაბამისად). უარყოფითი სალდოთი გამოირჩევა სადაზღვევო, სატრანს­პორტო, სხვა საქ­მიანი მომსახურების, სამშენებლო და სამთავრობო მომსახურების სექტორები (-35.2, -17.7, -16.5, 5.6 და -4.1 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად).

შემოსავლის ბალანსი 2008 წლის III კვარტალში უარყოფითია და -24.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. შემოსავლის კრედიტი 129.6 მლნ აშშ დოლარია, რაც 6.7 პროცენტით ნაკლებია 2007 წლის ანალოგიურ და 7.3 პროცენტით მეტი - წინა კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტი 154.0 მლნ აშშ დოლარია, 1.5-ჯერ მეტი 2007 წლის შესაბამის პერიოდის მონაცემზე და 38.3 პროცენტით ნაკლები 2008 წლის II კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტის 91.6 პროცენტი საინვეს­ტიციო შემოსავალს უკავია.

მიმდინარე ტრანსფერების მოცულობა საკმაოდ სოლიდურია და ამცირებს სავაჭრო (საქონელი და მომსახურება) და შემოსავლების ბალანსით გამოწვე­ულ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. მიმდინარე ტრანსფერების ბალანსმა 2008 წლის III კვარტალში 223.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან მიღე­ბული ტრანსფერები 244.1 მლნ აშშ დოლარია, ხოლო გაცემული 21.0 მლნ აშშ დოლარი. 2008 წლის III კვარტალში სახელმწიფო სექტორის ტრანსფერები გასულ კვარტალთან შედარებით 13.9-ჯერ გაიზარდა და 52.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სხვა სექტორის ტრანსფერები, წინა კვარტალთან შედარებით, 2.9 პროცენტით გაიზარდა და 171.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

კაპიტალური ტრანსფერები 2008 წლის III კვარტალში 24.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და, II კვარტალთან შედარებით, 34.7 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო 2007 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით - 45.3 პროცენტით შემცირებული. საანგარიშო პერიოდში სამთავრობო სექტორის კაპიტალური ტრანსფერები, II კვარტალთან შედარებით, 55.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა.

პირდაპირი ინვესტიციები 2008 წლის III კვარტალში მკვეთრად შემცირდა როგორც 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან, ისე II კვარტალთან შედარე­ბით (68.0 პროცენტით და 71.1 პროცენტით, შესაბამისად) და 150.0 მლნ აშშ დოლარი შეად­გინა. ინვესტიციების კლება იყო როგორც სააქციო კაპიტალში, ასევე რეინ­ვეს­ტირებულ შემოსავლებში. სხვა კაპიტალის, ანუ სხვადასხვა ტიპის სესხების სახით შემოსულმა ინვესტიციამ 70.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 2.9-ჯერ გაიზარდა II კვარტალის, ხოლო 67.7 პროცენტით შემცირდა 2007 წლის ანალოგი­ური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

პორტფელის ინვესტიციები საბანკო და კერძო სექტორში 2008 წლის III კვარტ­ალში, II კვარტალთან შედარებით, მოკრძალებულია. აქტივების სახით სულ 2.2 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ასევე, უმნიშვნელოა და 13.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს საქართ­ვე­ლოში განხორციელებული პორტფელის ინვესტიციები, რომლის ძირითადი ნაწილი - 9.4 მლნ აშშ დოლარი, სახელმწიფო ობლიგაციებზე დარიცხული პროცენტებია.

სხვა ინვესტიციების სალდომ საანგარიშო პერიოდში 428.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი II კვარტალთან შედარებით 27.4-ჯერ, ხოლო 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.1-ჯერ გაიზარდა, რაც განაპირობა როგორც აქტივების შემცირებამ (III კვარტალში შემცირდა 34.8 მლნ აშშ დოლარი), ასევე ვალდებულებების ზრდამ. სხვა აქტივების 95.5 პროცენტი სავაჭრო კრედიტებია (33.2 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ვალდებულებების ზრდა მთლიანად სესხებმა განაპირობა. საანგარიშო პერიოდში სესხი გაიზარდა ყველა სექტორში: საქართველოს ეროვნული ბანკის - 240.8 მლნ აშშ დოლა­რით, სამთავრობო სექტორის - 32.3 მლნ აშშ დოლარით, კომერციული ბანკების - 40.2 მლნ აშშ დოლარით, სხვა სექტორების - 133.8 მლნ აშშ დოლარით.

სარეზერვო აქტივები 2008 წლის III კვარტალში 110.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტა 114.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ნასესხობის სპეციალურ უფლებათა ანგარიში 3.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service