ENGLISH
 

23.07.2008   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 23 ივლისს გამართული სხდომის გადაწყვეტილება

იხილეთ ინფორმაცია
PDF ფორმატში

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პოლიტიკის ძირითადი განაკვეთის (ერთკვირიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების საპროცენტო განაკვეთი) უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 12 პროცენტს შეადგენს.

კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ, მაღალი ინფლაციური ფონის მიუხედავად, შეიმჩნევა საბაზო ინფლაციის შემცირების ტენდენცია. აგრეთვე, ეკონომიკის რეალურ და ფინანსურ სექტორებში განვითარებული მოვლენები შესაბამისობაშია წინა შეხვედრისას გაკეთებულ პროგნოზებთან. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს მიაჩნია, რომ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება აუცილებლობას არ წარმოადგენს და მიმდინარე პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლის ჩარჩოებში მოქცევას უზრუნველყოფს .

საბანკო სექტორში აღინიშნება საპროცენტო განაკვეთების მცირედით მომატება (კრედიტებზე, დაახლოებით, ერთი პროცენტული პუნქტით წლის დასაწყისთან შედარებით). ასევე, სტაბილური გახდა სესხების ზრდის ტემპიც. განსაკუთრებით შესამჩნევია ეროვნული ვალუტით სესხების ზრდის რეგულირება, რაც ინფლაციის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. მოიკლო ფართო ფულის აგრეგატების ზრდის ტემპმა და ფულის მულტიპლიკატორმა, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში საბანკო სისტემაში ლიკვიდობის დეფიციტით გამოწვეული დისბალანსის აღმოფხვრით აიხსნება. შედეგად, ივნისის მეორე ნახევრიდან აღინიშნება საბანკო სისტემაში ლიკვდობის მატება, რაც ამ უკანასკნელის მდგრადობას უწყობს ხელს.

საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ინფლაციური ფონი კვლავ მწვავეა, რაც იმპორტირებული ინფლაციის რისკის ასაცილებლად სავალუტო პოლიტიკის მოქნილობის აუცილებლობაზე მიუთითებს. მსოფლიოში შექმნილი არამდგრადი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანაში კაპიტალის შემოდინება მაღალი რჩება. თუმცა, მოზიდული სახსრების ფასი მატულობს, რაც ადგილობრივი საკრედიტო რესურსების ბაზარზეც აისახება.

ივლისში საერთაშორისო სასაქონლო ბაზრის ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე - ნავთობპროდუქტები, ხორბლეული, ძვირფასი ლითონები - შეინიშნება ფასების დაწევის ტენდენცია.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ ინფლაციაზე მოქმედი რისკები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. იმ დაშვევების გათვალისწინებით, რომ წლის განმავლობაში ადმინისტრირებადი და საერთაშორისო ბაზრებზე ძირითად სასაქონლო პროდუქტებზე ფასების ცვლილება შესაბამისობაში იქნება არსებულ პროგნოზებთან, არსებული პოლიტიკის განაკვეთი უზრუნველყოფს წლის ბოლოსათვის ინფლაციის 8 პროცენტის ფარგლებში მოქცევას.

საქართველოს ეროვნული ბანკი, ინფლაციის მიზნობრივ ჩარჩოებში მოსაქცევად, მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა, საქართველოს ეროვნული ბანკის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო ობლიგაციების ნაწილი სექტემბერში გაყიდოს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 2008 წლის შეხვედრების კალენდარი გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

მომდევნო სხდომა გაიმართება 2008 წლის 20 აგვისტოს.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service