ENGLISH
 

21.07.2008   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საგადახდო სისტემის მოდერნიზების მიზნით, ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საგადახდო სისტემის მოდერნიზების მიზნით, ღია, საერთაშორისო, ორეტაპიანი ტენდერი გამოაცხადა. მოდერნიზების შედეგად მოხდება დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების არსებული სისტემის განახლება და ახალი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის დანერგვა.

დღეს ეროვნულ ბანკში დანერგილი, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემა, რომლის გარეშეც ერთი კომერციული ბანკიდან მეორეში თანხის გადარიცხვა შეუძლებელია, თავისი ფუნქციონალური შესაძლებლობებით ვეღარ აკმაყოფილებს დინამიკურად განვითარებადი საბანკო და საფინანსო სისტემების მოთხოვნებს. გარდა ამისა, ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის დანერგვა საშუალებას მისცემს, ერთი მხრივ, ეროვნულ ბანკს - უფრო ეფექტიანად განახორციელოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების საგადახდო სისტემის შექმნას თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს.

"საქართველოს ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია ქვეყანაში საგადახდო სისტემების გამართულად მუშაობაზე. თანამედროვე საგადახდო სისტემის ამოქმედება შეამცირებს ოპერაციულ რისკებს და გააძლიერებს ტრანზაქციების უსაფრთხოებას. ასევე, მნიშვნელოვანია აღნიშნულ სისტემაში ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ჩართვა. გარდა ამისა, ახალი სისტემის დანერგვა შეამცირებს საოპერაციო ხარჯებსაც", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ გრიგალაშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღნიშნულ პროექტზე მუშაობა აქტიურად 2007 წლის ნოემბრიდან დაიწყო. მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული კომერციული ბანკების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის  წარმომადგენლები. მეთოდოლოგიურ დახმარებას კი „მსოფლიო ბანკის" მიერ დაქირავებული უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი უზრუნველყოფდა. დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების ახალი სისტემის სრულად ამოქმედება უკვე მომავალი წლის ზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.

სატენდერო პაკეტების მიღების ბოლო ვადაა 5 სექტემბერი.

დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემა (RTGS) არის ფულადი სახსრების მიმოქცევის ორგანიზაციული ფორმების, პროცედურების, ტექნოლოგიურ-ფუნქციური და პროგრამულ-ტექნიკური საშუალებების ერთიანი კომპლექსი, რომლის ორგანიზატორი და ოპერატორი საქართველოს ეროვნული ბანკია. სისტემა აგებულია ინტერნეტტექნოლოგიებზე და მასში ფულადი სახსრების გადაგზავნა ხორციელდება ინდივიდუალურად, თითოეული დავალების მიხედვით. სისტემის უსაფრთხოება ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერითაა უზრუნველყოფილი.

დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის მონაწილეები არიან კომერციული ბანკები და სახელმწიფო ხაზინა. კომერციული ბანკები მომსახურების გადასახადს იხდიან  განხორციელებული ტრანზაქციების შესაბამისად, ხოლო ხაზინისათვის მომსახურება უფასოა.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service