ENGLISH
 

01.07.2008   ბეჭდვა
საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები 8.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა

2008 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი წარმოდგენილია 22 კომერციული ბანკით, მათ შორის - 2 უცხოური ბანკის ფილიალით და, ასევე, 14 ბანკი - მათ საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. წლის დასაწყისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1134.4 მლნ ლარით, ანუ 15.7 პროცენტით გაიზარდა და 8342.6 მლნ ლარი შეადგინა.

წლის დასაწყისიდან საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები (სააქციო კაპიტალი) 315.8 მლნ ლარით (21.5 პროცენტი) გაიზარდა და 1786.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივების 21.4 პროცენტს (ნაცვლად 20.4 პროცენტისა წლის დასაწყისისათვის) წარმოადგენს. განაღდებული საწესდებო კაპიტალის ზრდამ 110.1 მლნ ლარი, ანუ 24.3 პროცენტი შეადგინა. ბანკების რაოდენობა, რომელთა საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილეობს, წლის დასაწყისთან შედარებით, 12-დან  14 ერთეულამდე, ხოლო მათი წილი ბანკების საერთო საწესდებო კაპიტალში - 4.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.0 პროცენტი შეადგინა.

2008 წლის იანვარ-მაისში მოქმედი ბანკების შემოსავლები 2-ჯერ გაიზარდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, და 638.3 მლნ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში კომერციული ბანკების წმინდა მოგების საერთო თანხამ 51.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 7.2 მლნ ლარით, ანუ 16.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან  შედარებით.

ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტების ზრდამ ხელი შეუწყო საპროცენტო შემოსავლების ზრდას. წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 65.0 პროცენტით გაიზარდა და მთლიანი შემოსავლების 61.7 პროცენტი შეადგინა.

იანვარ-მაისში კომერციული ბანკების ხარჯების მთლიანმა მოცულობამ 568.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2.2-ჯერ მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ხარჯების ზრდის უდიდესი ნაწილი როგორც არარეზიდენტი ბანკებსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებულ სესხებზე გადახდილ პროცენტებზე, ასევე რეკლამის, კომუნალურ და საფოსტო ხარჯებზე მოდის.

უმსხვილესი აქტივების მქონე ხუთი ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წლის დასაწყისიდან 80.4-დან 78.8 პროცენტამდე შემცირდა.

საბანკო სექტორის აქტივების რენტაბელობამ მაისის ბოლოს 1.6 პროცენტი, ხოლო კაპიტალის რენტაბელობამ - 7.3 პროცენტი შეადგინა (ნაცვლად 2.2 და 11.0 პროცენტისა, შესაბამისად, გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის).

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service