ENGLISH
 

01.07.2008   ბეჭდვა
კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობამ 5.3 მილიარდ ლარს მიაღწია

2008 წლის მაისის ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტება 2.0 მლრდ ლარით (61.2 პროცენტი) გაიზარდა და 5.3 მლრდ ლარს მიაღწია. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.2-ჯერ გაიზარდა და 1.8 მლრდ ლარს გადააჭარბა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდა 40.6 პროცენტით განისაზღვრა  და  3.5 მლრდ ლარს მიაღწია. ამასთან, სესხების სტრუქტურა ეროვნული და უცხოური ვალუტების მიხედვით, იმავე პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა და, შესაბამისად, 35 და 65 პროცენტი შეადგინა (ნაცვლად 25 და 75 პროცენტისა).

უკანასკნელ ერთ წელიწადში წინმსწრები ტემპით იზრდებოდა გრძელვადიანი სესხების მოცულობა (61.7 პროცენტით, 60.3 პროცენტთან შედარებით მოკლევადიანი სესხების მიხედვით) და ამ მაჩვენებელმა ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების საერთო მოცულობაში 69.0 პროცენტი შეადგინა, გასული წლის მაისის თვის ბოლოს დაფიქსირებული 68.8 პროცენტის ნაცვლად.

რაც შეეხება სესხების სტრუქტურას ეკონომიკის დარგების მიხედვით, იურიდიული პირებისათვის 2008 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 943.9 მლნ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 2.0-ჯერ მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 2.2 მლრდ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22.9 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.

საანგარიშო პერიოდში დაკრედიტების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდას ჰქონდა ადგილი სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სექტორში, სადაც ეს მაჩვენებელი 2.0-ჯერ გაიზარდა  და  59.6 მლნ ლარს გაუტოლდა; 1.5-ჯერ გაიზარდა დაკრედიტების მოცულობა განათლების სექტორში და 9.0 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, ამ დარგების წილი დაკრედიტების საერთო მოცულობაში კვლავ უმნიშვნელო - შესაბამისად, 1.9 და 0.3 პროცენტის დონეზე რჩება.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი ვაჭრობის სფეროზე მოდის - 46.8 პროცენტი. ბოლო ერთ წელიწადში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 39.7 პროცენტით გაიზარდა და 1.5 მლრდ ლარს მიაღწია. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების საერთო მოცულობაში 19.8 პროცენტს შეადგენს, რაც 2008 წლის პირველი ივნისისათვის 623.5 მლნ ლარით განისაზღვრებოდა (38.8 პროცენტით მეტი, 2007 წლის ანალოგიურ თარიღთან შედარებით); 13.5 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 424.9 მლნ ლარია (შესაბამისად, 64.1 პროცენტით მეტი). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80.2 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად - 2.1-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2008 წლის პირველი ივნისისათვის 2.1 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც ინდივიდუალური მეწარმეობის გააქტიურებაზე მიუთითებს.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service