ENGLISH
 

01.07.2008   ბეჭდვა
ლარით განთავსებული დეპოზიტები 58.2 პროცენტით გაიზარდა

მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში კვლავ გრძელდებოდა საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (მიმდინარე ანგარიშების და ვადიანი) ზრდის ტენდენცია. მათმა მოცულობამ 2008 წლის პირველი ივნისისათვის 3.0 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 38.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი თარიღისათვის არსებულ მონაცემებზე. საგულისხმოა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა გაცილებით სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტებისა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ლარით განთავსებული დეპოზიტები 58.2 პროცენტით, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები 28.8 პროცენტით გაიზარდა, რაც, მეტწილად ეროვნული ვალუტისადმი ნდობის შემდგომი განმტკიცებით აიხსნება.

აღნიშნული ტენდენცია ნათლად აისახა დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტის დინამიკაზე, რომელიც, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2008 წლის პირველი ივნისისათვის 62.2 პროცენტი შეადგინა. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ისიც, რომ კომერციული ბანკები ბოლო ერთი წლის მანძილზე ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტებზე უფრო მაღალ სარგებელს იხდიდნენ, ვიდრე უცხოურ ვალუტაში. ამ პერიოდის განმავლობაში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.7 პროცენტს შეადგენდა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.4 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.4 პროცენტს.

საგულისხმოა, რომ უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების სტრუქტურა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა ევროს სასარგებლოდ. კერძოდ, თუ ერთი წლის წინ უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების საერთო მოცულობაში აშშ დოლარის წილი შეადგენდა 87.4 პროცენტს, ხოლო ევროს წილი - 12.2 პროცენტს, მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის აშშ დოლარის წილი 69.3 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო ევროს წილი 29.9 პროცენტამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად ეროვნული ვალუტისადმი მოსახლეობის პოზიტიური დამოკიდებულების ზრდისა, კვლავ მაღალი რჩება უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების ხვედრითი წილი მოსახლეობის ანაბრების სტრუქტურაში, რამაც 2008 წლის პირველი ივნისისათვის 79.2 პროცენტი შეადგინა, თუმცა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 9.2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფიზიკური პირების ანაბრები აბსოლუტურ მაჩვენებლებში 389.6 მლნ ლარით (37.4 პროცენტი) გაიზარდა და 1.4 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც ერთ სულ მოსახლეზე, დაახლოებით, 325.6 ლარს შეადგენს.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service