ENGLISH
 

25.06.2008   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 25 ივნისს გამართული სხდომის გადაწყვეტილება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პოლიტიკის ძირითადი განაკვეთის (ერთკვირიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების საპროცენტო განაკვეთი) უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 12 პროცენტს შეადგენს.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, მაისში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი, როგორც მოსალოდნელი იყო,  შემცირდა და 11.2 პროცენტი შეადგინა.

მართალია, საქართველოში არსებული ინფლაციის ტემპი აღემატება მის სასურველ დონეს, თუმცა იგი უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოს ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში. კერძოდ, მაისის მდგომარეობით, წლიურმა ინფლაციამ რუსეთში 15.1 პროცენტი, უკრაინაში - 31.1, აზერბაიჯანში - 25.7, სომხეთში - 9.8, თურქეთში - 10.7, ევროზონაში - 3.8, ლატვიაში - 17.9, ლიტვაში - 12.0, ესტონეთში - 11.3, ბულგარეთში - 13.6, ყირგიზეთში - 27.9 და ყაზახეთში - 19.5 პროცენტი შეადგინა. საქართველოში შედარებით დაბალი ინფლაცია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ და ეფექტურმა საკურსო პოლიტიკამ განაპირობა.

როგორც სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის მონაცემები ცხადყოფს, კაპიტალის შემოდინების მაღალი ტემპი კვლავ თვალსაჩინოა. მართალია, ბოლო დროს სარეზერვო ფულის ზრდის ტემპი მცირედით შენელდა და შემცირდა ფართო ფულის ზრდის მაჩვენებელი, რასაც ხელი შეუწყო წინა თვეებთან შედარებით ფულის მულტიპლიკატორის კლებამ, მაგრამ ზემოთ აღნიშნული ინდიკატორების ზრდის ტემპები სასურველ დონესთან შედარებით კვლავ მაღალია.   

მაისის მეორე ნახევარში, კერძო სექტორის დაკრედიტების მოზიდულ სახსრებთან შედარებით ზრდის მაღალმა დონემ საქართველოს საბანკო სისტემაში ლიკვიდობის დეფიციტი გამოიწვია, რომლის დაძლევასაც ხელი შეუწყო ეროვნული ბანკის მუდმივმოქმედმა ინსტრუმენტებმა. ლიკვიდობის დეფიციტის საპასუხოდ, კომერციულმა ბანკებმა მკვეთრად გაზარდეს საპროცენტო განაკვეთები,  რომელთა ზრდას, ჯერჯერობით, გავლენა არ მოუხდენია სესხების ზრდის ტემპის შენელებაზე. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება ამ მაჩვენებლის დინამიკაზე.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ, ინფლაციაზე მოქმედი რისკები ჯამურად იგივე დარჩა. იმ დაშვების გათვალისწინებით, რომ წლის განმავლობაში ადმინისტრირებადი ფასები არ შეიცვლება და საერთაშორისო ბაზრებზე ძირითად სასაქონლო პროდუქტებზე ფასების ცვლილება შესაბამისობაში იქნება არსებულ პროგნოზებთან, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები უზრუნველყოფს წლის ბოლოსათვის ინფლაციის დონეს, დაახლოებით, 8%-ის ფარგლებში.

საქართველოს ეროვნული ბანკი, ინფლაციის მიზნობრივ ჩარჩოებში მოქცევის მიზნით, მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს, და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

მონეტარული პოლიტიკის გამჭირვალობისა და პროგნოზირობადობის ზრდის მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს, ნაცვლად 91 დღიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების სამთვიანი საემისიო კალენდრისა, მიეწოდებათ  ექვსთვიანი კალენდარი.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 2008 წლის შეხვედრების კალენდარი გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. მომდევნო შეხვედრა გაიმართება 2008 წლის 23 ივლისს.

იხილეთ PDF-ვერსია (71k)

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service