ENGLISH
 

17.04.2008   ბეჭდვა
პლასტიკური ბარათების ბაზარი კვლავ დინამიკურად ვითარდება

საქართველოში პლასტიკური ბარათების ბაზრის განვითარება დინამიკურობას ინარჩუნებს. მიმდინარე წლის 1-ლი აპრილისათვის საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული საბანკო პლასტიკური ბარათების რაოდენობამ 2.6 მლნ შეადგინა, რაც 2.0-ჯერ აღემატება 2007 წლის ანალოგიური თარიღისათვის არსებულ მაჩვენებელს. აქედან 90.8 პროცენტი სადებეტო ბარათებზე მოდის, ნაცვლად 98.8 პროცენტისა. ეს არის შედეგი საკრედიტო ბარათებზე მოთხოვნილების  სწრაფი ზრდის ტენდენციის. თუ სადებეტო ბარათების რაოდენობის მატებამ უკანასკნელ ერთ წელიწადში 80.6 პროცენტი შეადგინა, საკრედიტო ბარათების რიცხვი, ამავე პერიოდში, 15.3-ჯერ გაიზარდა. 

კვლავ შეინიშნება VISA ბარათის პოპულარობის ზრდა. მისი მთლიანი ოდენობა მიმოქცევაში არსებული ბარათების 77.7  პროცენტს შეადგენს; მას მოსდევს EURO CARD/MASTER CARD-ი 13.3 პროცენტით, ხოლო დანარჩენ 9.0 პროცენტს ადგილობრივი ბარათები იკავებს. აღსანიშნავია, რომ VISA ბარათის ხვედრითი წილი მიმოქცევაში არსებული ბარათების საერთო რაოდენობაში ბოლო ერთ წელიწადში 11.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

სულ უფრო მატულობს საბანკო პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა. თუ უკანასკნელი 1 წლის მანძილზე პლასტიკური ბარათებით თვეში, საშუალოდ, დაახლოებით, 287 მლნ ლარის მოცულობის ოპერაცია წარმოებდა, მიმდინარე წლის მარტში ამ მაჩვენებელმა 347.3  მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულ ოპერაციებში გამოყენებული ბარათების 96.3 პროცენტი რეზიდენტი ემიტენტების მიერ, ხოლო 3.7 პროცენტი - არარეზიდენტი ემიტენტების გამოშვებულ ბარათებზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ პლასტიკური ბარათებით განხორციელებული  ოპერაციების მიხედვით საზღვარგარეთის ქვეყნებთან საქართველოს ოპერაციების ბალანსი  დადებითია. კერძოდ, არარეზიდენტების მიერ ემიტირებული ბარათებით საქართველოში წარმოებული ოპერაციების მოცულობა 1.6-ჯერ აღემატება რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული ბარათებით საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციების მოცულობას.

საანგარიშო თვის განმავლობაში წარმოებული ოპერაციების საერთო მოცულობის 74.9 პროცენტი ბანკომატებით, ხოლო 23.7 პროცენტი პოს-ტერმინალების საშუალებით განხორციელებული ოპერაციებია. წინა თვეებთან შედარებით, მიმდინარე წლის მარტში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა: 2.4-ჯერ - 2007 წლის მარტთან შედარებით და 1.7-ჯერ - 2008 წლის თებერვალთან შედარებით, რამაც ჯამში 39.3 მლნ ლარი შეადგინა.

შესაბამისად, 2-ჯერ გაიზარდა ინტერნეტ-ოპერაციების წილი პლასტიკური ბარათებით წარმოებული ოპერაციების მოცულობაში და ამ მაჩვენებელმა1.4 პროცენტი შეადგინა.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service