ENGLISH
 

16.04.2008   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 16 აპრილს გამართული სხდომის გადაწყვეტილება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პოლიტიკის ძირითადი განაკვეთის 100 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ, წლიურ 12 პროცენტამდე.

წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა, მარტის მონაცემებით, 12.3 პროცენტი, ხოლო საშუალო წლიური ინფლაციის დონემ 9.5 პროცენტი შეადგინა. ფასების ზრდის არსებით მიზეზს, მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ენერგომატარებლების გაძვირება წარმოადგენდა, რაც  აისახა ფასების ზრდაზე საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში. მარტის მდგომარეობით, წლიურმა ინფლაციამ რუსეთში 13.3 პროცენტი, უკრაინაში - 26.2, აზერბაიჯანში - 17.1, სომხეთში - 9.6, თურქეთში - 9.2, ევროზონაში - 3.5, ლატვიაში - 16.8, ლიტვაში - 11.3, ესტონეთში - 10.9, ბულგარეთში - 14.2 და ყაზახეთში - 18.7 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში უფრო დაბალი ინფლაცია, სხვა ფაქტორებთან ერთად მოქნილმა საკურსო პოლიტიკამ განაპირობა.

ეკონომიკური აქტივობა და კაპიტალის შემოდინების ტემპი რჩება მაღალი და, სავარაუდოდ, ამგვარად შენარჩუნდება მთელი წლის მანძილზე. სარეზერვო ფულის ზრდის ტემპი კვლავ მაღალია. ასევე აღინიშნება ფართო ფულის მკვეთრი ზრდა, ფულის მულტიპლიკატორისა და ეკონომიკისათვის გაცემული სესხების მოცულობის სწრაფი ზრდის გამო.

გაძლიერდა საერთაშორისო ბაზრებზე ფინანსური არასტაბილურობა, შესაბამისად, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა განვითარებული ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა, ლიკვიდობის კრიზისის ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური ეფექტის შერბილების მიზნით, შეასუსტეს მონეტარული პოლიტიკა, რაც, სავარაუდოდ, გაზრდის ზეწოლას ძირითად სასაქონლო ჯგუფების მსოფლიო ფასებზე უახლოეს მომავალში. ამასთან, იმის გამო, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი ნაკლებად არის ინტეგრირებული საერთაშორისო საფინანსო სისტემაში მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე მიმდინარე პრობლემებს არ ჰქონია რაიმე გავლენა საქართველოში ფინანსურ სტაბილურობაზე.

მართალია, ერთი მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობის შენელებამ უნდა მოახდინოს ენერგომატარებლებზე ფასების შემცირება (ინფლაციის კლებისაკენ მიმართული რისკი), მაგრამ, ექსპერტული შეფასებებით, განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა კვლავაც მაღალი დარჩება, რაც, მნიშვნელოვანწილად, დააკომპენსირებს განვითარებულ ქვეყნებში მოსალოდნელ რეცესიას (ინფლაციის ზრდისაკენ მიმართული რისკი). 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ასევე იმსჯელა კომერციული ბანკების  სავალდებულო რეზერვებთან დაკავშირებით და გადაწყვიტა მომზადებულ იქნას შესაბამისი ცვლილებები მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესში, რომლის მიხედვითაც 2009 წლის დასაწყისიდან უცხოური ვალდებულებები შეყვანილი იქნება დასარეზერვებელ ბაზაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ, ინფლაციაზე მოქმედი რისკები რამდენადმე გაიზარდა. იმ დაშვების გათვალისწინებით, რომ წლის განმავლობაში არ მოხდება ადმინისტრირებადი ფასების ცვლილება და საერთაშორისო ბაზრებზე ძირითად სასაქონლო პროდუქტებზე ფასების ცვლილება შესაბამისობაში იქნება დღეისათვის არსებულ პროგნოზებთან, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები უზრუნველყოფს წლის ბოლოსათვის ინფლაციის დონეს 8%-ის ფარგლებში.

საქართველოს ეროვნული ბანკი, ინფლაციის მიზნობრივ ჩარჩოებში მოქცევის მიზნით, მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს, და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 2008 წლის შეხვედრების კალენდარი გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე. მომდევნო შეხვედრა გაიმართება 2008 წლის 14 მაისს.

იხილეთ PDF-ვერსია (70 k)

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service