ENGLISH
 

03.04.2008   ბეჭდვა
საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2007 წელი, IV კვარტალი)

2007 წლის IV კვარტალის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 745.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2006 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და 95.1 პროცენტით - III კვარტალის მონაცემს.

საქონლით ვაჭრობა არის ყველაზე მოცულობითი დეფიციტური კომპონენტი  მიმდინარე ანგარიშში, რომლის სალდომ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს განაპირობა იმპორტის  ექსპორტთან შედარებით წინმსწრები ტემპით ზრდამ. კერძოდ, 2007 წლის IV კვარტალში იმპორტის მოცულობა 60.7 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და III კვარტალის მაჩვენებელს 31.5 პროცენტით გადაამეტა, ხოლო ექსპორტის ზრდის ტემპი ანალოგიურ პერიოდში, შესაბამისად, შეადგენდა 30.0-სა და 10.3 პროცენტს. იმპორტის ასეთი მკვეთრი ზრდა, ნაწილობრივ, განპირობებული იყო უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი მატებით, როგორც 2007 წლის IV კვარტალში, ასევე მთლიანად საანგარიშო წლის განმავლობაში.

მომსახურების ბალანსი დადებითია და 2007 წლის IV კვარტალში 4.0 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. აქედან  მომსახურების ექსპორტი 298.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (წინა კვარტალთან შედარებით 10.3%-ით შემცირდა, 2006 წლის IV კვარტალთან შედარებით კი 38.6%-ით გაიზარდა), ხოლო მომსახურე­ბის იმპორტი - 294.1 მლნ აშშ დოლარს (ზრდა შეადგენდა 19.8%-სა და 57.0%-ს, შესაბამისად). მომსახურებით ვაჭრობიდან დადებითი ბალანსით ხასიათდება ტურისტული მომსახურებისა  (55.5 მლნ აშშ დოლარი,  2006 წლის IV კვარტალთან შედარებით გაიზარდა 83.8%-ით და 2007 წლის III კვარტალთან შედარებით შემცირდა 43.1%-ით) და სამთავრობო მომსახურების სექტორები (12.5 მლნ აშშ დოლარი, 0.7%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის კვარტალთან  და 32.8%-ით შემცირდა წინა კვარტალთან შედარებით), ხოლო უარყოფითი სალდო აქვს სადაზღვევო, სატრანსპორტო და სხვა საქმიანი მომსახურების  სექტორებს (-33.8, -12.3  და -7.1 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად).

შემოსავლის ბალანსი დადებითია და 2007 წლის IV კვარტალში 34.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შემოსავლის კრედიტი, რომლის ძირითად ნაწილს (84%) მუშაკთა შრომის ანაზღაურება წარმოადგენს, 134.0 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 20.0%-ით აღემატება 2006 წლის ანალოგიურ მონაცემს და 4.7%-ით ნაკლებია წინა კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტი 100.0 მლნ აშშ დოლარია, 2.2-ჯერ მეტი 2006 წლის შესაბამის პერიოდის მონაცემზე და 1.1 პროცენტით მეტი - 2007 წლის III კვარტალთან შედარებით, რომლის 90.9 პროცენტი საინვესტიციო შემოსავალმა დაიკავა.

მიმდინარე ტრანსფერტების მოცულობა საკმაოდ სოლიდურია და, მომსახურებისა და შემოსავლების ბალანსთან ერთად, ამცირებს საქონლის ბალანსით გამოწვეულ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. მიმდინარე ტრანსფერტების ბალანსმა 2007 წლის IV კვარტალში 238.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან მიღებულმა ტრანსფერტებმა - 257.6 მლნ აშშ დოლარი, ხოლო გაცემულმა -19.6 მლნ აშშ დოლარი.

 კაპიტალური ტრანსფერები 2007 წლის IV კვარტალში 30.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და III კვარტალთან შედარებით 30.1 პროცენტით არის შემცირებული, ხოლო 64.5 პროცენტით - 2006 წლის IV კვარტალთან შედარებით.

პირდაპირი ინვესტიციები 2007 წლის IV კვარტალში 2006 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 72.5%-ით გაიზარდა და 582.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წლიური მონაცემების მიხედვით 2007 წელს, 2006 წელთან შედარებით, ადგილი ჰქონდა პირდაპირი ინვესტიციების 56.5-პროცენტიან ზრდას. ინვესტიციების ასეთი მკვეთრი მატება, ძირითადად, გამო­წვეულია პრივატიზაციის პროცესით და ინვესტიციების განხორციელებით საბანკო და სამეწარმეო სექტორებში. ინვესტიციამ სააქციო კაპიტალში 279.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, პრივატიზაციის წილად მოდის 87.4 მლნ აშშ დოლარი, BP-ზე - 42.1 მლნ აშშ დოლარი, საბანკო სექტორზე - 24.3 მლნ აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენ არაფინანსურ სექტორებზე - 125.6 მლნ აშშ დოლარი. სხვა კაპიტალის, ანუ სხვადასხვა ტიპის სესხების სახით შემოსულმა ინვესტიციამ 270.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. კვარტალის მიმდინარე  რეინვესტიციის მოცულობა  33.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

პორტფელის ინვესტიციები 2007 წლის IV კვარტალში საკმაოდ მცირეა, რომლის წმინდა სალდო 0.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

სხვა ინვესტიციების სალდომ საანგარიშო პერიოდში 120.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის აქტივების ზრდამ -24.8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ვალდებულებების ზრდამ - 145.4 მლნ აშშ დოლარი. 

სარეზერვო აქტივები 2007 წლის IV კვარტალში შემცირდა 125.1 მლნ აშშ დოლარით. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სარეზერვო აქტივების შემცირება დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტის რეზერვი შემცირდა 139.7 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ნასესხობის სპეციალურ უფლებათა ანგარიში გაიზარდა 14.6 მლნ აშშ დოლარით.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service