ENGLISH
 

02.04.2008   ბეჭდვა
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. გარდა სახელმწიფო საგარეო ვალისა (სამთავრობო და ფულად-საკრედიტო ორგანოების სექტორი), იგი მოიცავს კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს.

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკის წარმოებისათვის ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი მოიპოვებს: საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან, ეკონომიკის განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტიდან და ინფორმაციის საკუთარი წყაროებიდან.

რაც შეეხება უშუალოდ საგარეო ვალს, 2007 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 5004.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; აქედან 1583.0 მლნ დოლარი წარმოადგენდა სახელმწიფო სექტორის ვალს, 254.2 მლნ აშშ დოლარი – ეროვნული ბანკის, 1291.7 მლნ აშშ დოლარი – საბანკო სექტორის, 474.9 მლნ აშშ დოლარი – სხვა სექტორების ვალს, 1 400.6 მლნ აშშ დოლარი – კომპანიათაშორის ვალს. მთლიანი საგარეო ვალის 96.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში.

2007 წლის IV კვარტალის განმავლობაში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 468.1 მლნ დოლარით, აქედან 117.5 მლნ აშშ დოლარით ზრდა მოდის საბანკო სექტორის ვალდებულებებზე და 281.1 მლნ აშშ დოლარით – კომპანიათაშორის სესხებზე.

ვალდებულებების ზრდა, ძირითადად, დაფიქსირდა უცხოურ ვალუტაში (469.2 მლნ აშშ დოლარი). რაც შეეხება ვალს ეროვნული ვალუტით, იგი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 1.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 156.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ვალის ზრდა განპირობებული იყო როგორც ახალი ვალების აღებით, ასევე აშშ დოლარის გაცვლის კურსის შემცირებით უცხოური ვალუტების, განსაკუთრებით სდრ-ისა და ევროს მიმართ. ვალის ზრდამ, გამოწვეულმა საკურსო ცვლილებებით, 2007 წლის IV კვარტალში შეადგინა 39.5 მლნ აშშ დოლარი. განსაკუთრებით დიდი იყო საკურსო ცვლილებების წილი სახელმწიფო სექტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ვალდებულებების ზრდაში. ეროვნული ბანკის საკურსო ცვლილებებით გამოწვეულმა ვალის ზრდამ 3.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფო სექტორში – 20.7 მლნ აშშ დოლარი, რაც განაპირობა სახელმწიფო სექტორის დიდი მოცულობის დავალიანებამ სდრ-სა (ძირითადად მსოფლიო ბანკის ვალი) და ევროში. ასევე დიდი იყო სხვა სექტორების საკურსო ცვლილება ეროვნულ ვალუტაში აღებული სავაჭრო კრედიტებისა და სესხებისათვის.

საბანკო სექტორის ვალდებულებების ზრდის 99% ოპერაციულ ცვლილებებზე მოდის. საკურსო ცვლილებებმა კომერციული ბანკების საგარეო ვალის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოახდინა, ვინაიდან მათი ვალები ძირითადად აშშ დოლარში არის აღებული.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service