ENGLISH
 

28.12.2007   ბეჭდვა
საქართველოში ეკონომიკის რეკორდულად სწრაფი ზრდის ტემპი დაფიქსირდა

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში 2007 წლის მესამე კვარტალში რეკორდულად მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი დაფიქსირდა. წლის დასაწყისიდან კუმულატიური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა, 2007 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, 12.7 პროცენტი შეადგინა, რაც უპრეცენდენტო მაჩვენებელია.   საფინანსო შუამავლობა, რომელიც მნიშვნელოვანწილად წარმოდგენილია საბანკო სექტორით, ზრდის ტემპების მიხედვით კვლავ ლიდერ დარგად რჩება. 2007 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით კუმულატიურად შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ საფინანსო სექტორში 23.7 პროცენტით მოიმატა. განსაკუთრებით მაღალი ტემპებით გაიზარდა მრეწველეობა (14.5 პროცენტი), მშენებლობა (14.1 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (16.2 პროცენტი), სასტუმროების და რესტორნების მომსახურება (16.1 პროცენტი), ვაჭრობა (14.2 პროცენტი).   2007 წლის მესამე კვარტლის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 382.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ–ს 16.6 პროცენტია  და უმნიშვნელოდ აჭარბებს გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს (15.6 პროცენტი).   აღსანიშნავია, რომ საქონლის ექსპორტის ზრდის ტემპი 2007 წლის მესამე კვარტალში (32.6 პროცენტი),  მეორე კვარტლის მსგავსად, მაღალი დარჩა და იგი იმპორტის ზრდის ტემპს (22 პროცენტი) უსწრებს. უკანასკნელ ორ კვარტალში დაფიქსირებული ექსპორტის ზრდის ტემპი უფრო მაღალია, ვიდრე ანალოგიური მაჩვენებელი იყო რუსეთის ემბარგოს დაწესებამდე.   გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში მაღალი იყო მომსახურების ექსპორტის წლიური ზრდის ტემპი (25 პროცენტი) და იგი ასევე უსწრებდა მომსახურების იმპორტის ზრდის ტემპს (19 პროცენტი). ამასთან მომსახურებით ვაჭრობის სალდო კვლავაც პოზიტიური რჩება. მთლიანობაში, წლის დასაწყისიდან საქართველომ 836 მილიონი აშშ დოლარის მომსახურების ექსპორტი აწარმოა. ექსპორტის მაღალი ზრდის ტემპი ერთ–ერთი მთავარი კონტრიბუტორი იყო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში.   ასევე რეკორდულად მაღალი იყო უცხოური ინვესტიციების შემოდინება საქართველოში 2007 წლის სამი კვარტლის განმავლობაში. მან ჯამში 1.758 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთელი 2006 წლის განმავლობაში შემოდინებული უცხოური ინვესტიციების მოცულობას აღემატება (დაახლოებით 1.4 მილიარდი დოლარი). ქვეყანაში შემოდინებული უცხოური ინვესტიციებიდან საბანკო სექტორის მიერ მოხდა 711 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება. უცხოური ინვესტიციების მაღალი დონე მაღალი იმპორტისა და მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტის ერთ–ერთი მიზეზი იყო. თუმცა კაპიტალური შემოდინებები გაცილებით სჭარბობდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, რამაც განაპირობა ეროვნული ბანკის საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ასევე რეკორდული ზრდა. კერძოდ. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის წილი მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენდა 16.6 პროცენტს, მაშინ როდესაც კაპიტალური შემოდინებების წილი 25 პროცენტი იყო, ხოლო ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები სამი კვარტლის განმავლობაში გაიზარდა 505 მილიონი აშშ დოლარით.  მოსალოდნელია, რომ უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლის ბოლომდე 2.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.         
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service