ENGLISH
 

19.12.2007   ბეჭდვა
პლასტიკური ბარათების ბაზარი კვლავ დინამიურად ვითარდება

საქართველოში პლასტიკური ბარათების ბაზრის განვითარება დინამიურობას ინარჩუნებს. მიმდინარე წლის 1 დეკემბრისათვის საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული საბანკო პლასტიკური ბარათების რაოდენობამ 2.0 მლნ შეადგინა, რაც 1.7–ჯერ მეტია წლის დასაწყისათვის არსებულ ანალოგიურ მაჩვენებელზე. აქედან 92.9 პროცენტი სადებეტო ბარათებზე მოდის.   კვლავ ყველაზე მეტი პოპულარობით VISA ბარათი სარგებლობს – მიმოქცევაში არსებული ბარათების 73.5 პროცენტი; მას მოსდევს EURO CARD/MASTER CARD-ი 14.7 პროცენტით, ხოლო დანარჩენი 11.8 პროცენტი ადგილობრივი ბარათების წილად მოდის.   განვლილ პერიოდში პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა თვეში დაახლოებით 9 პროცენტით იზრდებოდა და მათმა საერთო თანხამ განვლილი 11 თვის განმავლობაში 2.6 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების 71.0 პროცენტი ბანკომატების, ხოლო 28.0 პროცენტი პოს–ტერმინალების საშუალებით განხორციელებულ ოპერაციებზე მოდის. ოპერაციების კვლავ უმნიშვნელო წილი – დაახლოებით 1.0 პროცენტი მოდის ინტერნეტით განხორციელებულ ოპერაციებზე.   განვლილი 11 თვის განმავლობაში საბანკო პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების საერთო მოცულობიდან 87.0 პროცენტი ქვეყნის ტერიტორიაზე რეზიდენტი კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული ბარათებით  განხორციელდა, 4.8 პროცენტი – ანალოგიური ბარათებით საზღვარგარეთ განხორციელებულ ოპერაციებზე მოდის, ხოლო 6.7 პროცენტი – არარეზიდენტების მიერ ემიტირებული ბარათებით საქართველოში განხორციელებულ  ოპერაციებზე.    ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების მოცულობას პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების საერთო მოცულობაში 1.5 პროცენტი უკავია, რაც ქვეყანაში ელექტრონული ვაჭრობის არა მარტო ნაკლებად პოპულარობაზე, არამედ მის ნაკლებად ხელმისაწვდომობაზეც მეტყველებს. თუმცა, პლასტიკური ბარათების ბაზრის სტატისტიკა აშკარად მიუთითებს აღნიშნული საბანკო პროდუქტის პოპულარობის ზრდაზე.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service