ENGLISH
 

03.12.2007   ბეჭდვა
დეპოზიტების ზრდის ტენდენცია გრძელდება

მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში კვლავ გრძელდებოდა საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების ზრდის ტენდენცია. მათმა მოცულობამ 1 ნოემბრისათვის 2.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით მეტია წლის დასაწყისისათვის, ხოლო 66.7 პროცენტით – 2006 წლის ანალოგიური თარიღისათვის არსებულ მონაცემებზე. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პერიოდებში ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა გაცილებით სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები. კერძოდ, ბოლო ერთ წელიწადში ლარით განთავსებული დეპოზიტები 2.1–ჯერ გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები – 50.6 პროცენტით. წლის დასაწყისიდან განვლილ პერიოდში, შესაბამისად, 78.8 და 41.7 პროცენტით, რაც მეტწილად ეროვნული ვალუტისადმი ნდობის შემდგომი განმტკიცებით აიხსნება.   აღნიშნული ტენდენცია ნათლად აისახა დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტის დინამიკაზე, რომელიც წლის დასაწყისიდან 5.18 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 1 ნოემბრისათვის 64.46 პროცენტი შეადგინა, რაც დეპოზიტების დოლარიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1998 წლის კრიზისის შემდგომი პერიოდიდან დღემდე. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ისიც, რომ კომერციული ბანკები ბოლო ერთი წლის მანძილზე ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტებზე უფრო მაღალ სარგებელს იხდიდნენ ვიდრე უცხოურ ვალუტაში. ამ პერიოდის განმავლობაში განთავსებულ დეპოზიტებზე  საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.5 პროცენტს შეადგენდა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.2 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.3 პროცენტს.   წლის დასაწყისთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა მიმდინარე ანგარიშების ხვედრითი წილი მთლიან სადეპოზიტო ვალდებულებებში და 1 ნოემბრისათვის 48.1 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, შემცირდა ვადიანი დეპოზიტების ხვედრითი წილი მთლიან დეპოზიტებში 51.1 პროცენტიდან 50.6 პროცენტამდე, რაც მოსახლეობის ვადიანი დეპოზიტების 41.9 პროცენტიდან 36.9 პროცენტამდე შემცირებამ გამოიწვია. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამავე პერიოდში, ფიზიკური პირების ანაბრები აბსოლუტურ მაჩვენებლებში 337.9 მილიონი ლარით (36.2 პროცენტით) გაიზარდა და 1.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც მოსახლეობის ერთ სულზე დაახლოებით 289 ლარს შეადგენს.   მოსახლეობის ეროვნული ვალუტისადმი პოზიტიური  დამოკიდებულების ზრდის მიუხედავად, კვლავ მაღალი რჩება უცხოურ ვალუტაში დენომინირებული  დეპოზიტების ხვედრითი წილი მოსახლეობის ანაბრების სტრუქტურაში და 1 ნოემბრისათვის  83.5 პროცენტი შეადგინა, თუმცა წლის დასაწყისთან შედარებით ეს მაჩვენებელი 6.4 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.      
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service