ENGLISH
 

16.10.2007   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადება

საქართველოს ეროვნული ბანკი პროტესტს გამოთქვამს 2007 წლის 10–13 ოქტომბერს სომხეთში, ერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციის „ფულადი გზავნილები. საცალო საბანკო მომსახურება“ მუშაობაში აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში უკანონოდ მოქმედი ე. წ. საბანკო დაწესებულებების მონაწილეობის გამო.   აღნიშნული სუბიექტები აფხაზეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიების გარეშე, არ ემორჩილებიან საქართველოს საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით დადგენილ პრინციპებს, მათ შორის ისეთ ნორმებს, რომლებიც ეხება საბანკო სტრუქტურების ზედამხედველობას, ინსპექტირებას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის უზრუნველყოფას და, შესაბამისად, წარმოადგენენ არაკანონიერ სტრუქტურებს.   მით უფრო შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ კონფერენციას ჰქონდა საერთაშორისო სტატუსი და მისი ოფიციალური ორგანიზატორები იყვნენ რუსეთის ბანკების ასოციაცია, სომხეთის ბანკების კავშირი და მოსკოვის საერთაშორისო სავალუტო ასოციაცია, დღის წესრიგის ერთ–ერთი ძირითადი თემა კი უკანონო შემოსავლების ლეგალიზებასთან ბრძოლის საკითხიც იყო. ასეთ ფორუმში ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო სტრუქტურების მიერ კანონგარეშედ აღიარებული და უკანონო შემოსვლების ლეგალიზებისა და ტერორიზმის დაფინანსების ხელშეწყობაში მხილებული ე. წ. საფინანსო სუბიეტების კონფერენციის სრულუფლებიანი მონაწილის რანგში მიწვევა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მისი ოფიციალური ორგანიზატორები იგნორირებენ არა მარტო საქართველოს კანონიერ სუვერენულ უფლებებს, არამედ ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) საერთაშორისოდ აღიარებულ რეკომენდაციებს.   საქართველოს ეროვნული ბანკი აპირებს, საპროტესტო წერილით მიმართოს სომხეთის ცენტრალურ ბანკს საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში არალეგიტიმური აფხაზური ე. წ. ბანკების მონაწილეობის თაობაზე.   საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე საპროტესტო წერილით მიმართავს  კონფერენციის გენერალური სპონსორის – ფულადი გზავნილების სისტემა „ანელიკის“ ხელმძღვანელობას, რათა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თანამშრომლობა აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში უკანონოდ მოქმედ ე. წ. საბანკო დაწესებულებებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი აუკრძალავს „ანელიკს“ საქართველოს საბანკო ბაზარზე საქმიანობას.   
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service