ENGLISH
 

01.10.2007   ბეჭდვა
კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობამ 4 მილიარდ ლარს მიაღწია

2007 წლის აგვისტოს ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 1.6 მლრდ ლარით (66.7 პროცენტი) გაიზარდა და 4 მლრდ ლარს მიაღწია. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 55 პროცენტით მოიმატა და 1,0 მლრდ ლარს გადააჭარბა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ოდენობა 64 პროცენტით არის გაზრდილი და 2.9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.   რაც შეეხება სესხების სტრუქტურას ეკონომიკის დარგების მიხედვით, 2007 წლის პირველი სექტემბრისთვის კომერციულ ბანკებს უშუალოდ ეკონომიკის სექტორების დასაკრედიტებლად ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 605.3 მლნ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43.5 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.1 მლრდ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61.5 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.   განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საანალიზო პერიოდში კომერციული ბანკების მიერ სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სექტორის დაკრედიტება  თითქმის სამჯერ გაიზარდა  და  44 მლნ ლარი შეადგინა.   მრეწველობის სექტორისათვის გაცემული სესხების ოდენობა 60.9 პროცენტით გაიზარდა და 518.7  მლნ ლარი შეადგინა, მშენებლობის დაკრედიტება, შესაბამისად - 67.4 პროცენტით და 309.3 მლნ ლარი, ხოლო ვაჭრობის სფეროსათვის გაცემული სესხების მოცულობა - 62.5 პროცენტით  და 1.3 მლრდ ლარი.    საგულისხმოა, რომ ამავე პერიოდში განათლების სექტორის დაკრედიტება 2.2-jer გაიზარდა და აბსოლუტურ ციფრებში 9.7 მლნ ლარი შეადგინა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დაკრედიტება კი - 44 პროცენტით, 12.7 მლნ ლარამდე.    2007 წლის პირველი აგვისტოსათვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკებიდან სასტუმროებისა და რესტორნების ქსელისათვის გაცემული იყო 59.4 პროცენტით მეტი სესხი და ამ მაჩვენებელმა 51 მლნ ლარი შეადგინა.     ამასთან, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორის დაკრედიტება 89 პროცენტით, 57 მლნ ლარამდე გაიზარდა.   კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობის ზრდა განპირობებულია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებითა და ეკონომიკური აქტივობის ამაღლებით, ასევე, მათ მიერ მოზიდული ლიკვიდური სახსრების ოდენობის ზრდითა და ახალი საკრედიტო ხაზების გახსნის შედეგად მიღებული  რესურსების მატებით.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service