ENGLISH
 

28.09.2007   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2007 წლის მეორე კვარტლის საგადასახდელო ბალანსი გამოაქვეყნა

2007 წლის მეორე კვარტლის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 426,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 33,2 პროცენტით მეტი გასუ­ლი წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და 12,1 პროცენტით მეტი – პირველი კვარტლის მაჩვენებელზე.   საქონლით ვაჭრობა არის ყველაზე დიდი დეფიციტური კომპონენტი  მიმდინარე ანგარიშში, რომლის უარყოფითი სალდო 571,3 მლნ აშშ დოლარია, რაც განაპირობა იმპორტის მეტი მოცულობით ზრდამ ექსპორტთან შედარებით, თუმცა მიმდინარე წელს მეორე კვარტალში ექსპორტის ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო იმპორტის ზრდის ტემპთან შედარებით. საქონლის იმპორტი 2007 წლის მეორე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 21 პროცენტით (ა.წ. პირველ კვარტალთან 13 პროცენტით), ხოლო ექსპორტი გაიზარდა 36 პროცენტით 2006 წლის მეორე კვარტალთან და 40 პროცენტით 2007 წლის პირველ  კვარტალთან შედარებით.   მომსახურების ბალანსი დადებითია და 2007 წლის მეორე კვარტალში 71 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. გაიზარდა როგოც მომსახურების ექსპორტი, რომელმაც 276,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19 %–ით და ა.წ პირველ კვარტალთან შედარებით 21 %–ით მეტი), ისე მომსახურების იმპორტი – 205,7 მლნ აშშ დოლარი (14%–ით და 11%–ით შესაბამისად). მომსახურებით ვაჭრობიდან დადებითი ბალანსით ხასიათდება სატრანსპორტო მომსახურება (21,1 მლნ აშშ დოლარი, გაიზარდა 78%–ით გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და შემცირდა ა.წ. პირველ კვარტალთან შედარებით 10%–ით), ტურისტული მომსახურება (51,6 მლნ აშშ დოლარი, გაიზარდა 24%–ით და 2,2–ჯერ შესაბამისად), ხოლო უარყოფითია სადაზღვევო მომსახურება (-21,1 მლნ აშშ დოლარი, გაიზარდა 25%–ით და 14 %–ით შესაბამისად).   შემოსავალის ბალანსი პირველად დაფიქსირდა უარყოფითი სალდოთი, რაც განაპირობა დივიდენდების დიდი მოცულობით გაცემამ პირდაპირი ინვესტირების კომპანიებიდან. შემოსავლის ბალანსმა 2007 წლის მეორე კვარტალში -46,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შემოსავლის კრედიტი, რომლის ძირითად ნაწილს წარმოადგენს მუშაკთა შრომის ანაზღაურება, 112,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 56%–ით მეტია გასული წლის ანალოგიურ და 8 %–ით მეტი წინა კვარტლის მაჩვენებელზე. მკვეთრადაა გაზრდილი შემოსავლის დებეტი და ის 188,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (4,5–ჯერ 2006 წლის მეორე კვარტალთან და 3–ჯერ 2007 წლის პირველ კვარტალთან შედარებით), რომლის 97,2 პროცენტს საინვესტიციო შემოსავალი შეადგენს.   მიმდინარე ტრანსფერტები საკმაოდ სოლიდურია და მომსახურების ბალანსთან ერთად ნაწილობრივ აბალანსებს საქონლის ვაჭრობითა და შემოსავლებით გამოწვეულ დეფიციტს. მიმდინარე ტრანსფერტების სალდომ 2007 წლის მეორე კვარტალში 150,0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან მიღებულმა ტრანსფერტებმა - 171,1 მლნ აშშ დოლარი, ხოლო გაცემულმა _  21,2 მლნ აშშ დოლარი.   კაპიტალური ტრანსფერები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 27,0 მლნ აშშ დოლარს შეადგინს და წინა კვარტალთან 7,4 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო 24,4 პროცენტით– გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით.   პირდაპირი ინვესტიციები 360,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და 27,7 პროცენტით გაიზარდა წინა კვარტალთან, ხოლო 20,1 პროცენტით 2006 წლის მეორე კვარტალთან შედარებით. ინვესტიციების ზრდა მეორე კვარტალში ძირითადად გამოწვე­ულია ენერგეტიკის სექტორის ობიექტებისა და უძრავი ქონების პრივარიზაციით.   პორტფელის ინვესტიციები საანგარიშო პერიოდში 8,0 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. იმის გამო, რომ წინა კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა განახორციელეს 20,2 მლნ აშშ დოლარის პორტფელის ინვესტიცია საზღვარგარეთ, ხოლო მეორე კვარტალში მოხდა როგორც საზღვარგარეთული პორტფელის ინვესტიციების ამოღება (4,9 მლნ აშშ დოლარის) და ასევე არარეზიდენტებმა განახორციელეს (3,0 მლნ აშშ დოლარის) პორტფელის ინვესტიცია, მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით პორტფელის ინვესტიციები გაიზარდა 24,4 პროცენტით.   სხვა ინვესტიციების სალდო 221,1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5,5–ჯერ, ხოლო წინა კვარტალს 1,7–ჯერ აღემატება. ამ პერიოდში საქართველოში განხორციელებულმა სხვა ინვესტიციებმა კი 207,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათგან 91,8 პროცენტი სესხებზე მოდის.   გამომდინარე იქიდან, რომ 2007 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უცხოური კაპიტალის შემოდინება გაცილებით ჭარბობდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ადგილი ჰქონდა ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების აკუმილირებას, რომელიც საანგარიშო პერიოდში 201,8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან ოპერაციებით გამოწვეულმა ზდამ 198,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სავალუტო კუსების ცვლით გამოწვეულმა ზრდამ კი 3,0 მლნ აშშ დოლარი.    
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service