ENGLISH
 

10.09.2007   ბეჭდვა
ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო გადასასვლელის ამოქმედებისადმი მიძღვნილ სამახსოვრო მონეტას საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთდროულად გამოუშვებს

ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო გადასასვლელის ამოქმედებისადმი  მიძღვნილი სამახსოვრო მონეტის გამოშვების საკითხი განიხილეს თურქეთის ქალაქ სტამბულში სამმხრივ – ქართულ–თურქულ–აზერბაიჯანულ შეხვედრაზე. ახალი მონეტის მოჭრის იდეა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას ეკუთვნის.   შეხვედრას საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნული ბანკებისა და თურქეთის ზარაფხანის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართული მხარის წინადადება აღნიშნული პროექტის სხვა შესაძლო მონაწილე მხარეების წარმომადგენლებმა მოიწონეს. საბოლოო გადაწყვეტილება სექტემბრის ბოლოს იქნება მიღებული. ამ დროისათვის გათვალისწინებული შესაბამის სამმხრივ კონტრაქტზე ხელმოწერაც. სამახსოვრო მონეტების დამზადების სურვილი უკვე გამოთქვა თურქეთის ზარაფხანამ.   „სტამბულის შეხვედრაზე დადგინდა სამახსოვრო მონეტების ზოგადი პარამეტრები. მაგალითად, მონეტები დამზადდება როგორც ვერცხლისგან, ასევე სპილენძი–ნიკელი–თუთიის შენადნობისაგან. მონეტების რაოდენობის ლიმიტს სამივე მხარე თავიანთი შეხედულებისამებრ დაადგენენ,“ – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულის მიმოქცევისა და ფულის ნიშნების დამზადების განყოფილების უფროსმა დევი გოგეშვილმა, რომელიც მონაწილეობდა სტამბულის შეხვედრაში.     ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებისადმი მიძღვნილი ახალი სამახსოვრო მონეტა საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ერთობლივად შევა მიმოქცევაში აღნიშნული სატრანსპორტო პროექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ. ქართული, აზერბაიჯანული და თურქული მონეტების რევერსის დიზაინი იდენტური იქნება, ავერსზე კი გამოისახება სამი ქვეყნის ეროვნული ფულის ნიშანი – მანათი, ლარი და ლირა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service