ENGLISH
 

18.10.2006   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რიგით მეორე „ინფლაციის მიმოხილვა“ გამოსცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2006 წლის II კვარტალის შედეგების ამსახველი, რიგით მეორე „ინფლაციის მიმოხილვა“ გამოსცა, რომლის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ მესტვირიშვილმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდაძემ გამართეს.   ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სხვა ღონისძიებებთან ერთად, „ინფლაციის მიმოხილვას“ მსოფლიოს მრავალი ცენტრალური ბანკი გამოსცემს. როგორც წესი, მასში აისახება მონეტარული ხელისუფლების შეხედულებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე იმ პროცესებზე, რომელთაც გავლენა აქვს ფასების დინამიკაზე. ასეთი ანგარიში ფართო საზოგადოებისათვის გასაგები ენით განმარტავს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებისას მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლებს. აქვე აღსანიშნავია, რომ იმ ცენტრალური ბანკებისათვის, რომლებიც ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს ახორციელებენ (ასეთი ბანკების რაოდენობა უკვე ოცს აღემატება და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება), ინფლაციის მიმოხილვა საზოგადოებასთან კომუნიკაციის ძირითადი დოკუმენტია.   „ინფლაციის მიმოხილვა“ ყოველკვარტალური გამოცემაა, რომელშიც მოვლენები ხარისხობრივად და თვისებრივად უფრო დეტალურად ანალიზდება. აგრეთვე, მიმოხილვა ითარგმნება ინგლისურ ენაზე, რაც მიზანშეწონილია საქართველოს მიმართ საერთაშორისო წრეებში მზარდი ინტერესის ფონზე. ფართო საზოგადოებას „ინფლაციის მიმოხილვის“ გაცნობა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე (www.nbg.gov.ge) შეუძლია.   საქართველოს ეროვნული ბანკი ამ დღეებში პირველად გამოაქვეყნებს ე.წ. „ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს”, რომელიც, განსხვავებით სტანდარტული მაკროეკონომიკური ანალიზისაგან, შეისწავლის მოვლენებს, რომელთა მოხდენის ალბათობა დაბალია, მაგრამ პოტენციური უარყოფითი გავლენა – ძალზე მაღალი (ფინანსური კრიზისები). ეს ანგარიში, როგორც წესი, განიხილავს მომავალ მოვლენებს, ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასების საფუძველზე.  დოკუმენტი უმეტესწილად ცენტრალური ბანკების მიერ მზადდება და წარმოადგენს საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთ ქმედით ინსტრუმენტს.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service