ENGLISH
 

10.09.2007   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებმა 1 მილიარდ 400 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებმა მორიგ ისტორიულ მაქსიმუმს 1 მილიარდ 406 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. უცხოური რეზერვების ახალი მაჩვენებელი 2006 წლის 31 დეკემბრის მონაცემზე (882 მლნ აშშ დოლარი) 59 პროცენტით მეტია.   საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს საერთაშორისო ბაზარზე ოპერაციების განსახორციელებლად, საინვესტოციო პორტფელში ცვლილებების დასარეგულირებლად და საგარეო ვალის მომსახურების მიზნით იყენებს. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები  ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის უმაღლესი კატეგორიის ბანკებში დეპოზიტებზე და ლიკვიდურ ფასიან ქაღალდებშია   განთავსებული.   “საერთაშორისო სავალუტო რეზერვების არსებული დონე საქართველოს საფინანსო და სავალუტო ბაზრების სტაბილური ფუნქციონირების გარანტიაა. მათი სწრაფი ზრდა ქვეყანაში მიმდინარე დადებითი ეკონომიკური პროცესების და  უცხოური ინვესტიციების შემოდინების გამოძახილია,“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.   ცნობისათვის: საქართველოს ეროვნული ბანკის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 2006 წლის 4 იანვარს 475 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, მაშინ, როდესაც 2004 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი მხოლოდ 191.953 მილიონი აშშ დოლარი იყო. 1995 წლის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკს ყველაზე ნაკლები მოცულობის საერთაშორისო სავალუტო რეზერვი, დაახლოებით 62 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, 1998 წლის 8 დეკემბერს ჰქონდა. ბოლო ორწელიწადნახევარში უცხოური ვალუტის რეზერვებმა 7.3–ჯერ მოიმატა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service