ENGLISH
 

30.07.2007   ბეჭდვა
საქართველოსა და გერმანიის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე გერმანიის ბუნდესბანკის პრეზიდენტის, პროფესორ აქსელ ვებერის მიწვევით გერმანიაში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესბანკის პრეზიდენტთან და ბანკის სხვა ხელმძღვანელ პირებთან.  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოინახულებს ფრანკფურტისა და დიუსელდორფის საფონდო ბირჟას და ბუნდესბანკის რეგიონულ ფილიალს დიუსელდორფში, აგრეთვე გერმანიის ბუნდესბანკის  ცენტრალურ ბანკებთან ტექნიკური თანამშრომლობის ცენტრს. გერმანიის ბუნდესბანკის პრეზიდენტთან, პროფესორ აქსელ ვებერთან  პირისპირ შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა საქართველოსა და გერმანიის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის პროგრამის გაღრმავება იქნება.  „საქართველოსა და გერმანიის ცენტრალურ ბანკებს თანამშრომლობის კარგი ტრადიცია აქვთ. ბოლო ორი წლის მანძილზე ევროპის ამ წამყვან  ცენტრალურ ბანკში უფასოდ აიმაღლა კვალიფიკაცია საქართველოს ეროვნული ბანკის 24 თანამშრომელმა, წლის ბოლომდე გერმანიის ბუნდესბანკში გაეგმზავრება საქართველოს ეროვნული ბანკის კიდევ 6 სპეციალისტი,“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ და აღნიშნა, რომ სამომავლოდ, თანამშრომლობა გერმანიის ბუნდესბანკთან უფრო მრავალმხრივი გახდება. ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, გერმანიის ბუნდესბანკის ცენტრალურ ბანკებთან ტექნიკური თანამშრომლობის ცენტრის მხარდაჭერით, თბილისს ეწვევიან გერმანელი ექსპერტები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო რეზერვების მართვის საკითხებში კონსულტაციას გაუწევენ.  
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service