ENGLISH
 

19.07.2007   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კორპორაციული მართვის პროექტის ხელმძღვანელმა ირინა გორდელაძემ.   ორმხრივი შეთანხმებით განისაზღვრა მხარეების მზადყოფნა, შეიმუშაონ დებულება კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის შესახებ, რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზის სრულყოფისკენ.    საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, მისი პრინციპები კი აქტუალურია საქართველოს საბანკო სისტემისათვის. „მიხარია, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში კორპორაციული მართვის სისტემის მეთოდების დანერგვის დონე დამაიმედებელია. თუმცა საჭიროა მისი სრულყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი რეალიების გათვალისწინებით“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.   “უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში გახმაურებული კორპორაციული სკანდალების ფონზე, გამართული კორპორაციული მართვის სისტემა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს კომპანიებისა და ბანკებისთვის. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მოხარულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მხარს უჭერს კომერციულ ბანკებში კორპორაციული მართვის დონის ამაღლებას და უფრო მეტიც, IFC-სთან ერთობლივი სამუშაო წამოიწყო შესაბამისი მარეგულირებელი ბაზის მოსამზადებლად,” – განაცხადა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კორპორაციული მართვის პროექტის ხელმძღვანელმა ირინა გორდელაძემ.   დოკუმენტის მომზადებისას გათვალისწინებული იქნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) “კორპორაციული მართვის პრინციპები”, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის სახელმძღვანელო - “საბანკო ორგანიზაციებში კორპორაციული მართვის გაუმჯობესება” და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.   აღნიშნული დოკუმენტის მიზანია, ხელი შეუწყოს ბანკებს დანერგონ მართვის ეფექტური მექანიზმები, რაც დაკავშირებულია ბანკების შიდა სტრუქტურასთან, გადაწყვეტილების დროულად მიღებასთან, პასუხისმგებლობის გაზრდასთან, ინტერესთა კონფლიქტის ეფექტურად დარეგულირებასთან, ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნებასა და კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან. აღნიშნული დებულების მიღების შედეგად უზრუნველყოფილ იქნება ბანკის აქციონერთა, დეპოზიტართა, კრედიტორთა და ზოგადად საჯარო ინტერესთა ეფექტური დაცვა.  ბანკებში კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვა გახდება ბანკების კლიენტებისა და პარტნიორებისათვის ბანკთან გრძელვადიანი და ჯანსაღი ურთიერთობების დამყარების გარანტი.   საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კორპორაციული მართვის პროექტი საქართველოში ხორციელდება ორი დონორი ორგანიზაციის – კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (CIDA) და BP–ს თანამონაწილეობით.  
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service