ENGLISH
 

02.07.2007   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „აზიის განვითარების ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ „აზიის განვითარების ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი ფილიპ ბოუენი მიიღო, რომელიც საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფება. ფილიპ ბოუენი აზიისა და ოკეანიის სხვა 11 სახელმწიფოსთან (მათ შორის, ავსტრალიის, აზერბაიჯანის, ჰონკონგის, ჩინეთისა და სხვ.) ერთად საქართველოს წარმოადგენს „აზიის განვითარების ბანკის“ აღმასრულებელ დირექტორატში.   რომან გოცირიძემ „აზიის განვითარების ბანკის“ აღმასრულებელ დირექტორთან საუბარში ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკაში, განსაკუთრებით კი საბანკო-საფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა. მისი განცხადებით, ბოლო ორი წლის საბანკო მაჩვენებლების მიხედვით საქართველოს საბანკო სისტემა რეგიონში ყველაზე სწრაფად განვითარდა და ეს ტენდენცია გრძელდება.   ვიზიტის ფარგლებში ფილიპ ბოუენმა  შეხვედრები გამართა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მისიების, აგრეთვე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა-საქართველოს“ ხელმძღვანელებთან, საქართველოში „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ წარმომადგენელთან.   „აზიის განვითარების ბანკი“ არის მრავალპროფილიანი საფინანსო ინსტიტუტი. მისი წევრია 67 სახელმწიფო. 2006 წლის ბოლოსათვის ბანკს დამტკიცებული ჰქონდა  7.4 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის 67 პროექტი, 538 მლნ მოცულობის გრანტები სხვადასხვა ქვეყნებისათვის. პროექტები გამიზნულია საგზაო, ენერგეტიკული, ურბანული, განათლების, საფინანსო და სხვა სექტორების მხარდასაჭერად  და დასაფინანსებლად.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service