ENGLISH
 

29.06.2007   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 1 მილიარდ 159 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს

2007 წლის 28 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 1 მილიარდ 159 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2006 წლის 31 დეკემბრის მაჩვენებელს (882 მლნ აშშ დოლარი) 31 პროცენტით აღემატება.   ქვეყნის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების, ანუ სავალუტო რეზერვების მართვის საკითხებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სახელმწიფოთა ეკონომიკურ საქმიანობაში. საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა და მათი სტრუქტურული შემადგენლობის შერჩევა ძალზე აქტუალური საკითხია გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის.   საერთაშორისო რეზერვების მაჩვენებლის ზრდა ქვეყანაში შედეგია ეკონომიკური წინსვლის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული სავალუტო პოლიტიკისა, რომლის  ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ საერთაშორისო რეზერვების აკუმულირება და მართვაა.   საერთაშორისო რეზერვები ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მოქნილი ინსტრუმენტია და მოიცავს სარეზერვო აქტივების მარაგს, რომელიც ქვეყანამ შეიძლება გამოიყენოს საერთაშორისო საანგარიშსწორებო ოპერაციების, საგარეო ვალების მომსახურებისა და სხვა მიზნებისთვის. საერთაშორისო რეზერვების მართვა გაცვლის კურსის მართვის შემადგენელი ნაწილია და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ საკურსო რეჟიმზე, რომელსაც განახორციელებს ქვეყნის მონეტარული ხელისუფლება.   საერთაშორისო მასშტაბით, ქვეყნისათვის ამ მიშვნელოვანი პარამეტრის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება საგადასახდელო ბალანსის ეფექტიანი მართვაა, რომელიც წლის განმავლობაში ქვეყნის მიერ განხორციელებულ ყველა სახის საგარეო-ეკონომიკურ ოპერაციათა სტატისტიკურ ანგარიშს წარმოადგენს.   ზოგადად, მცურავი გაცვლის კურსის რეჟიმის შემთხვევაში, საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის დაფარვა, გაცვლის კურსის კორექტირების შედეგად, ავტომატურად ხორციელდება და მონეტარული ხელისუფლება საერთაშორისო რეზერვებს მხოლოდ მაშინ მიმართავს, როცა კურსის მკვეთრ რყევებს აქვს ადგილი.    საერთაშორისო რეზერვების ეფექტიანი მართვის მიზნით, შემდგომი გადაწყვეტილება, რომელსაც იღებენ ცენტრალური ბანკები, არის უცხოური ვალუტის დივერსიფიკაცია, ანუ „სავალუტო კალათის“ ფორმირება, რაც გულისხმობს ცალკეული ვალუტებისა და, შესაბამისად, მათი მოცულობების (წონების) შერჩევას.   საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები დივერსიფიცირებულია ნასესხობის სპეციალურ უფლებათა (ნსუ) კალათაში შემავალი ვალუტებით. საერთაშორისო რეზერვების ეფექტიანად მართვისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს იმ ფინანსური ინსტრუმენტების შერჩევას, რომლებშიც მოხდება საერთაშორისო რეზერვების განთავსება – განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ლიკვიდურობის მოთხოვნების დაცვას.   საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, საერთაშორისო რეზერვებად ითვლება მხოლოდ ის აქტივები, რომლებიც განთავსებულია სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებში, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკსა და პირველი კლასის კომერციულ ბანკებში. საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები განთავსებულია სწორედ ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, კერძოდ, საბანკო დეპოზიტებში.   საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ზრდა მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია ლარის სიმტკიცისა და სტაბილურობისათვის.   ცნობისათვის: 2006 წლის ბოლოს უცხოური ვალუტის რეზერვებმა 882 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2005 წლის 31 დეკემბრის მონაცემს (478.6 მლნ აშშ დოლარს) თითქმის 2-ჯერ აღემატება. 2004 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, უცხოური ვალუტის რეზერვები 387 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 2003 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 196 მლნ აშშ დოლარს. 1995 წლის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკს ყველაზე ნაკლები მოცულობის საერთაშორისო სავალუტო რეზერვი, დაახლოებით, 62 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, 1998 წლის 8 დეკემბერს ჰქონდა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service