ENGLISH
 

15.05.2006   ბეჭდვა
ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამოს“ გამარჯვების 25 წლის აღსანიშნავად მოჭრილი საიუბილეო მონეტები რეკორდულად სწრაფად იყიდება

1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამოს“ გამარჯვების 25 წლის აღსანიშნავად მოჭრილი საიუბილეო მონეტები საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსა და ეროვნული ბანკის ფილიალებში სწრაფი ტემპით იყიდება.   მომხმარებლის მხრიდან განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილებაა 5 ლარის ღირებულების მონეტაზე, რომელიც თუთიის, ნიკელისა და სპილენძის შენადნობისგანაა დამზადებული.   ბიძინა სუმბაძე, არქიტექტორი: „მე სტაჟიანი ნუმიზმატი გახლავართ. ჩემს კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი სპორტულ  თემატიკაზე შექმნილ მონეტებს უკავია. „დინამოს“ ლეგენდარული გამარჯვების აღსანიშნავად მოჭრილი მონეტა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის კარგი საჩუქარია“.   დავით ბულაშვილი, ტექნიკოსი: „მე რამდენიმე მონეტა შევიძინე იმისათვის, სხვასაც ვუსახსოვრო და ამით ქართული ფეხბურთის დიდი წარმატება შევახსენო“.   ზურაბ ჯოჯუა, აბიტურიენტი: „მე  მონეტების მრავალფეროვანი კოლექცია მაქვს. როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს, მსურს, საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში კიდევ დადგეს ჟამი, რომელიც ეროვნულ ბანკს ახალი საიუბილეო მონეტის მოჭრის საფუძველს მისცემს“.   გურამ ტალახაძე, მცირე მეწარმე ზესტაფონიდან: „ვერცხლის ორი მონეტა შევიძინე. ვთვლი, რომ შენაძენი ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა – ჯერ ერთი, ლამაზი მონეტა შევიძინე, მეორეც, ვერცხლი, როგორც ძვირფასი ლითონი, პერიოდულად ძვირდება. შესაბამისად, დღეს ნაყიდი ვერცხლი, ხვალ, ვინ იცის, როგორ გამომადგება“.    საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის გარდა, „დინამოს“ გამარჯვების 25 წლის აღსანიშნავად მოჭრილი საიუბილეო მონეტები საქართველოს ეროვნული ბანკის ექვს რეგიონულ  ფილიალში იყიდება (ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, გურჯაანი, გორი, ახალციხე).   1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამოს“ გამარჯვების 25 წლის აღსანიშნავად მოჭრილი საიუბილეო მონეტა, საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით, პოლონეთის ზარაფხანაში დამზადდა. იყიდება ერთნაირი ესკიზის ორი მონეტა. ვერცხლის მონეტის გასაყიდი ფასია 46 ლარი, ნიკელის, თუთიისა და სპილენძის შენადნობისა კი – 5 ლარი.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service