ENGLISH
 

08.12.2006   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ობლიგაციების პირველი აუქციონი წარმატებით ჩატარდა

საქართველოს ეროვნული ბანკში სახელმწიფო ობლიგაციების პირველი აუქციონი გაიმართა. 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები ხუთმა კომერციულმა ბანკმა შეისყიდა. ფასიანი ქაღალდების დაფარვის ვადა 2007 წლის 15 სექტემბერი იქნება, კუპონის შემოსავლიანობა 13%-ს შეადგენს.  აუქციონზე დაფიქსირებულმა მინიმალურმა საპროცენტო განაკვეთმა 12.85%, მაქსიმალურმა 13.00% და საშუალო შეწონილმა კი - 13.00% შეადგინა. ვაჭრობაში მონაწილეობა მიიღეს „თიბისი-ბანკმა“, „საქართველოს ბანკმა“, ბანკმა „რესპუბლიკამ“, „ბტა სილქროუდ ბანკმა“ და „კასკადბანკმა“.   აუქციონის შედეგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე ეროვნული ბანკი გასაყიდად კიდევ 38 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიან ქაღალდებს გამოიტანს.   „ღია ბაზრის ოპერაციები მთელს მსოფლიოში ცენტრალური ბანკის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. მისი მეშვეობით ცენტრალური ბანკი არეგულირებს მიმოქცევაში ფულის მასას. აღნიშნული მექანიზმი დაემატება ეროვნული ბანკის უკვე არსებულ ინსტრუმენტებს და მთლიანობაში უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას,“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ამაღლობელმა.      საქართველოს ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ობლიგაციების რიგით მეორე აუქციონი 11 დეკემბერს გაიმართება, სადაც 10 მლნ ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდება.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service