ENGLISH
 

05.12.2006   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ობლიგაციებთან დაკავშირებით კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ობლიგაციებთან დაკავშირებით კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი დავით ამაღლობელი უძღვებოდა.     შეხვედრაზე დავით ამაღლობელმა მოწვეულ ბანკირებს „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონის წესით გაყიდვისა და რეგისტრაციის შესახებ“ დებულების დეტალები გააცნო. „სახელწმიფო ობლიგაციები წარმოადგენს საშუალოვადიან, 10-დან 36 თვემდე ვადიანობის ფიქსირებული კუპონის მქონე ფასიან ქაღალდს. იგი წარმოადგენს ყველაზე ურისკო დაბანდების საშუალებას, ვინაიდან მისი ემიტენტი სახელმწიფოა,“ – განაცხადა დავით ამაღლობელმა. მისი ინფომაციით, პარასკევს, 8 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკი სახელმწიფო ობლიგაციების პირველი აუქციონის გამართვას გეგმავს, რომელზეც გასაყიდად გამოტანილი იქნება 10 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები. დავით ამაღლობელმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო ობლიგაციების შეძენის მსურველთა ინტერესი საკმაოდ დიდი იქნება.    შეხვედრაზე მოწვეულმა ბანკირებმა სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონების ვაჭრობაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს.     სახელმწიფო ობლიგაციების ემიტენტი ფინანსთა სამინისტროა. სახელმწიფო ობლიგაცია არის კუპონური სახელმწიფო საშუალოვადიანი ფასიანი ქაღალდი, დენომინირებული ეროვნულ ვალუტაში და გამოშვებული არამატერიალიზებული ფორმით. საქართველოს ეროვნული ბანკი ობლიგაციებს მიჰყიდის მხოლოდ სათავო რეზიდენტ კომერციულ ბანკებსა და არარეზიდენტი კომერციული ბანკების ფილიალებს (შემდგომში - კომერციული ბანკი). ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია ადგენს გასაყიდი ობლიგაციების მაქსიმალურ მოცულობასა და მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს. ამასთან, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისიას უფლება აქვს დაადგინოს თითოეული ემისიისათვის ერთი მონაწილის მიერ ობლიგაციების შესყიდვის მაქსიმალური ოდენობა. ობლიგაციის შესყიდვის შესახებ ბანკის მიერ წარდგენილ განაცხადში ობლიგაციების რაოდენობა არ უნდა იყოს 50 ცალზე ნაკლები. სახელმწიფო ობილაციების ნომინალური ფასი 1 000 ლარს შეადგენს. ფიზიკურ პირებს კომერციულ ბანკის მეშვეობით შესაძლებლობა ეძლევათ შეისყიდონ სახელმწიფო ობლიგაციები.   აუქციონი ჩატარდება მრავალი ფასის მეთოდით (მეთოდი, რომლის დროსაც აუქციონში გამარჯვებული მყიდველი დაკმაყოფილდება განაცხადში მის მიერ მითითებული ფასით). საქართველოს ეროვნული ბანკი წინასწარ, სამი სამუშაო დღით ადრე შეატყობინებს კომერციულ ბანკებს აუქციონის ჩატარების თარიღს და აგრეთვე აუქციონზე განთავსებული ფასიანი ქაღალდების სრულ ოდენობას.   აუქციონის შედეგები მყისიერად, აუქციონის დამთავრებისთანავე ცნობილი ხდება მონაწილე ბანკებისათვის. შედეგების ამსახველი ინფორმაცია ასევე ოპერატიულად განთავსდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, არაუგვიანეს 17 საათისა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service