ENGLISH
 

02.12.2006   ბეჭდვა
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“ 2007-2010 წლებში საქართველოს 48 მილიონ ევროს გამოუყოფს

„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გაიმართა, განიხილეს 2007-2010 წლებისათვის ბანკის განვითარების სტრატეგია და ბიზნეს გეგმა. შეკრებაში  მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე, როგორც შავი ზღვის ბანკის მმართველი საქართველოს მხრიდან, და ფინანსთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი   გვინდაძე, როგორც შავი ზღვის ბანკის დირექტორი საქართველოს მხრიდან.   ბანკის მმართველთა სხდომაზე დამტკიცდა ახალი სტრატეგია საქართველოსათვის, რომელიც 2007-2010 წლებში, ყოველწლიურად სხვადასხვა ბიზნეს-პროექტების დასაფინანსებლად 12 მილიონი ევროს (4 წლის განმავლობაში 48 მილიონი ევრო) გამოყოფას ითვალისწინებს.      მმართველთა საბჭოს მიმდინარეობისას, შავი ზღვის ბანკის გადაწყვეტილებით, ქართული ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ კომპანია „ლომისს“ გამოეყო 5 მილიონი ევროს გრძელვადიანი სესხი წარმოების განსავითარებლად. აქამდე, შავი ზღვის ბანკი, ძირითადად, საქართველოს კომერციულ ბანკებს აფინანსებდა. მთლიანობაში, აღნიშნულმა ბანკმა საქართველოში 40 მლნ აშშ დოლარის ოდენობის პროექტები დააფინანსა. „საქართველოს ბანკს“, „თიბისი ბანკს“, „გაერთიანებულ ქართულ ბანკს“, „პროკრედიტბანკს“, „რესპუბლიკას“ 32 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხაზები გაუხსნა. გამონაკლისი იყო ფოთის ნავთობტერმინალის რეკონსტრუქციის პროექტი, რომლის განსახორციელებლად ბანკმა 8 მლნ აშშ დოლარი გამოყო.   „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“ (BSTDB) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი სახელმწიფოებისთვის ფინანსური სიძნელეების შემსუბუქების მიზნით ჩამოყალიბდა. მისი შტაბბინა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მდებარეობს. ხელშეკრულებას ბანკის დაფუძნების შესახებ თბილისში, „ბისეკის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოეწერა ხელი 1994 წლის 30 ივნისს, ხოლო საქართველოს პარლამენტმა მისი რატიფიცირება მოახდინა 1996 წლის 25 დეკემბერს.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service