ENGLISH
 

24.11.2006   ბეჭდვა
უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები შარშანდელთან შედარებით 141 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

2006 წლის იანვარ-ოქტომბერში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების საშუალებით 453 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2005 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 141 მლნ აშშ დოლარით (45.2 პროცენტით) აღემატება.   რაც შეეხება ფულადი გზავნილების გეოგრაფიას, 2006 წლის დასაწყისიდან ათი თვის განმავლობაში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი – 306 მლნ აშშ დოლარი (67%) რუსეთის ფედერაციიდან, 46 მლნ აშშ დოლარი (10%) ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 13.6 მლნ აშშ დოლარი (3 პროცენტი) საბერძნეთიდან გადმოირიცხა.    საანალიზო პერიოდში ასევე გაიზარდა საქართველოდან განხორციელებული სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობაც. 2006 წლის იანვარ-ოქტომბერში ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემებით ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში გადარიცხულია 122.5 მლნ აშშ დოლარი, რაც 56.2 მლნ აშშ დოლარით (45.9%-ით) აღემატება 2005 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. საქართველოს მოქალაქეების მიერ გადარიცხული თანხებიდან ყველაზე მეტი – 73.7 მლნ აშშ დოლარი (60%) რუსეთზე მოდის, მეორე ადგილზეა უკრაინა, სადაც 7.3 მლნ აშშ დოლარი (6%) გადაიგზავნა, შემდეგ აშშ – 6.1 მლნ აშშ დოლარის (5%) ფულადი გზავნილებით.   ამასთან, ბოლო ორი თვის განმავლობაში – სექტემბერსა და ოქტომბერში -  საქართველოში გადმორიცხა, შესაბამისად, 57 მილიონი აშშ დოლარი და 53.5 მილიონი აშშ დოლარი. მათ შორის, რუსეთიდან, შესაბამისად, 42 მილიონი აშშ დოლარი და 33,7 მილიონი აშშ დოლარი.   რაც შეეხება საქართველოდან განხორციელებულ გადარიცხვებს, სექტემბერში ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენდა 14 მილიონ აშშ დოლარს, ოქტომბერში კი – მხოლოდ 5.5 მილიონ აშშ დოლარს. მათ შორის, სექტემბერში საქართველოდან რუსეთში გადაირიცხა 10 მილიონი აშშ დოლარი, ოქტომბერში – 2 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლები. შესაბამისად, წმინდა გადარიცხვებმა (სხვაობა საქართველოში გადმორიცხულ და საქართველოდან გადარიცხულ თანხებს შორის) ოქტომბერში (48 მილიონი აშშ დოლარი) სექტემბერთან (43 მილიონი აშშ დოლარი) შედარებით მოიმატა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service