ENGLISH
 

27.11.2006   ბეჭდვა
გუდაურში კონფლიქტის ზონების ეკონომიკური რეინტეგრაციის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მონაწილეობა მიიღო დაბა გუდაურში გამართულ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, რომელიც 24-25 ნოემბერს  საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენცია დაფინანსდა ირლანდიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (Irish Aid) და კომპანია BP-ის მიერ.   თავის გამოსვლაში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ეკონომიკური პროგრამების დაწყების აუცილებლობაზე, რაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენასა და პოზიციების დაახლოებას შეუწყობს ხელს. რომან გოცირიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ე.წ. საბანკო სისტემაზე, სადაც არ მოქმედებს საბანკო ზედამხედველობისა და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ნორმები. „ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.   კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. აუდიტორიის წინაშე ძირითადი მოხსენებებით გამოვიდნენ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია და გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საპატიო პრეზიდენტი ბრიუს ჯორჯი.   კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა სპეციალური რეზოლუცია მიიღეს და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service